მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ გუშინ აქციაზე უკანონოდ დაკავებული ადამიანები - სტრატეგია აღმაშენებელი

03.03.23 16:57
მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ გუშინ აქციაზე უკანონოდ დაკავებული ადამიანები - სტრატეგია აღმაშენებელი

 "სტრატეგია აღმაშენებელი" ხელისუფლებისგან მოითხოვს, სასწრაფოდ გათავისუფლდეს გუშინ რუსთაველზე დაკავებული 36 ადამიანი. 

პარტიის განცხადებით, მოქალაქეების სრულიად უსაფუძვლოდ დაკავება, არის ნათელი გამოვლინება, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსული, პუტინისტური რეჟიმის გზას ადგას.

“გუშინ აქციაზე, სადაც მოქალაქეები სრულიად სამართლიანად და მშვიდობიანად აპროტესტებდნენ "რუსული კანონის" მიღებას 36 ადამიანი დააკავეს.

მსგავსი ქმედება და მოქალაქეების სრულიად უსაფუძვლოდ დაკავება, კიდევ ერთხელ არის ნათელი გამოვლინება, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსული, პუტინისტური რეჟიმის გზას ადგას, ებრძვიან თავისუფალ სიტყვას, ზეწოლას ახორციელებენ მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებზე. ივანიშვილის რეჟიმის ასეთი ქმედება არის რუსული ძალოვანი სტრუქტურების ქმედების ანალოგიური.

ნათელია, ერთი და იგივე ხელწერით ებრძვიან დემოკრატიას და ცდილობენ საქართველო რუსულ ჭაობში დაბრუნებას. ამიტომ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული ადამიანები! მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს, დღეს ისე როგორც არასდროს ახლოს ვართ ევროკავშირის წევრობასთან და ამ ისტორიულ არჩევანს სჭირდება დაცვა, ამიტომ თქვენი, ყველას აქტიურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გვჯერა, საერთო ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი ევროპული არჩევანისა და უზრუნველყოფილი მომავლის გადარჩენას.

საქართველო არასდროს გახდება რუსეთი! ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროკავშირი და ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებს საქართველო” - აცხადებს სტრატეგია აღმაშენებელი.

 

მსგავსი სიახლეები