"არა რუსულ კანონს" - არასამთავრობოები სარჩელის სტრასბრუგის სასამართლოში გააგზავნას აანონსებენ
"არა რუსულ კანონს" - არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.
შესაძლოა, ძალიან მალე ამ სათაურიით სარჩელი სტრასბრუგის სასამართლოში გაიგზავნოს.
თუ საქართველოს პარლამენტი წინააღმდეგობის მიუხედავად, მიიღებს კანონს, რომელიც რუსული მოდელის ანალოგია, და ზღუდავს კრიტიკულ მედიისა და სამოქალაქო სექტორის მუშაობას, მაშიინ ენჯეოები სასამართლო დავებს წამოიწყებენ.
ჟურნალისტიკური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი აცხადებს, რომ დავები იქნება საკონსტიტუციოშიც, ევროსასამართლოშიც და ისინი მაქსიმალურ წინააღმდეგობას გაუწევენ საქართველოს მთავრობას.
"ძალიან ბევრი მექანიზმია, იქნება საჩივრები როგორც ჩვენს საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგან ეს არის ანტიკონსტიტუციური. იმიტომ რომ კონსტიტუციით ჩვენ მივისწრაფით დასავლეთისკენ, ამას ვაცხადებთ, ამას ერმა მოაწერა ხელი. ასევე ის არის შეთანხმებული ასოცირების ხელშეკრულებასთან, რომელზეც ასევე ჩვენ გვაქვს ხელი მოწერილი. საკონსტიტუციოშიც იქნება დავები, ევროსასამართლოშიც იქნება დავები, იქნება წინააღმდეგობა,"- აცხადებს კუპრაშვილი.
ასევე, სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობაში ეჭვი ეპარება და არ არის დარწმუნებული, რომ კანონის გასაჩივრების შემთხვევაში, ისინი მიიღებენ სასიკეთო გადაწყვეტილებას.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა არცერთი მოსმენით პლენარულ სხდომაზე არ მიიღოს ეს. ისინი აპირებენ ვენეციის კომისიაში გაგზავნას, როგორც თქვეს. დაე პირდაპირ იქნას გაგზავნილი ყოველგვარი პირველი მოსმენის მიღების გარეშე. ეს ტექნიკური შესაძლებლობა არსებობს. ძალიან ბევრი გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უმრავლესობას აქვს დამოუკიდებლობის პრობლემა და არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ კანონის გასაჩივრების შემთხვევაში, ისინი მიიღებენ რაიმენაირად სასიკეთო გადაწყვეტილებას. მე ალბათ უფრო ვემხრობი იმას, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვა მოხდეს,"- ამბობს გიორგი ბურჯანაძე, პირველებთან ინტერვიუში.
ორშაბათს, დილის ცხრა საათიდან, საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის მეორე განხილვა დაიწყება, პარალელურად კი პარლამენტს გარეთ მესამე სექტორის მეორე მასშტაბური შეკრებაც იქნება.