გორი საპროტესტო ბანერებით აჭრელდა - ჟურნალისტები და არასამთავრობოები რუსული კანონის წინააღმდეგ
,,ხელისუფლებას მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებით! თავისუფალ მედიას კი სულ ახსოვხართ!” - მსგავსი შინაარსის ფლაერები ქალაქ გორის ცენტრში გამოჩნდა.
შიდა ქართლში მომუშავე ორგანიზაციებმა წერილით მიმართეს პარლამენტის წევრებს, რომლებმაც მანდატი რეგიონის ხარჯზე მოიპოვეს. ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის წევრებს მოუწოდებენ არ მისცენ ხმა რუსული კანონის მიღებას და არ მიიღიონ მონაწილეობა ქვეყნის მეორედ გასაბჭოებაში.
საინფრომაციო სააგენტო ,,მოზაიკას" დირექტორის, გვანცა დოლუაშვილის თქმით, თუ დღეს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არსებობს ეს დამოუკიდებელი მედიის დამსახურებაა.
ჩვენ გადავწყვიტეთ, მიგვემართა შიდა ქართლიდან პარლამენტში მყოფი წევრებისთვის. ვგულისხმობ მაჟორიტარ-დეპუტატსა და პარლამენტის წევრს. დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი გაიხსენებენ ყველა იმ წარმატებულ პროექტს, რომელსაც ხალხის საკეთილდღეოდ, სასარგებლოდ და გასაძლიერებლად ახორციელებდა არასამთავრებო სექტორი. ასევე გაიხსენებენ, რამდენად მნიშვნელოვანია, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის არსებობა და არ დაავიწყდებათ, რომ დღეს თუ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება რაიმე ფორმით არის დაცული, სწორედ უცხოური გრანტების დამსახურებაა,"- აცხადებს გვანცა დოლუაშვილი.
,,ტვ მონიტორინგის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნიკა გაბლიშვილის განცხადებით, ,,რუსული კანონი" განსხვავებული აზრის ჩახშობისკენაა მიმართული.
ჩვენ ამ რუსულ კანონს ვეუბნებით არას, რადგან ჩემი შეფასებით, ეს არის მჩაგვრელი კანონპროექტი, რომელიც მიმართულია განსხვავებული აზრის ჩასახშობათ, სწორედ ამიტომ, ჩვენ, რეგიონში მომუშავე მედიაორგანიზაციებმა, არასამთავრებო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად გავავრცელეთ ღია წერილი, როთაც ჩვენ მივმართავთ კანონმდებლებს, რომ არ მიიღონ და არ აქციონ ეს მავნებლური კანონპროექტი კანონად,"-ამბობს ნიკა გაბლიშვილი.
ცნობისთვის, კანონპროექტის ,,უცხოური გავნელების შესახებ" მიღების შემთხვევაში, ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა, ,,უცხოეთის გავლენის აგენტად" ჩაითვლება.