სათეატრო სფერო რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ - პეტიციაზე სტურუას ხელმოწერაცაა, თუმცა თეატრის დირექტორი ფაქტს უარყოფს
სათეატრო სფეროს წარმომადგენლები რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ ერთიანდებიან და აღნიშნულ კანონპროექტს პეტიციით ეხმაურებიან.
პეტიციას ხელს 129 ადამიანი აწერს, მათ შორის, ხელმომწერებში რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას სახელი და გვარიცაა.
რუსთაველის ტეატრის ხელმძღვანელის სახელი და გვარი ხელმომწერებს შორის ნამდვილად არის, თუმცა თეატრის დირექტორი გია თევზაძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
„თანამედროვე ქართული სათეატრო სცენა, მიუხედავად ბევრი პრობლემისა, ახერხებს შექმნას სხვადასხვა გავლენისგან თავისუფალი, მრავალფეროვანი სასცენო პროდუქცია, არაერთი მათგანი საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოლაბორაციის შედეგია. ინიციირებული კანონის მიღების და ამოქმედების შემთხვევაში არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ დაცული იქნება ჩვენი შემოქმედებითი თავისუფლება, რადგან კანონპროექტში ჩვენი საქმიანობის პირობად დასახელებული „კეთილსინდისიერება“ მოიცავს უსასრულო ინტერპრეტაციისა და მანიპულაციის სივრცეს და გვტოვებს ტოტალიტარიზმის საფრთხის პირისპირ.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ წარმოვადგენთ სფეროს, რომელსაც ყველაზე მძიმედ შეეხო საბჭოთა რეპრესიები. სიცოცხლე მოუსპეს და საქმიანობას ჩამოაშორეს ქართული თეატრის არაერთი თვალსაჩინო მოღვაწე.
მძიმე ისტორიული გამოცდილება და საქართველოს კონსტიტუციით გამყარებული ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვა გვავალდებულებს გამოვხატოთ ჩვენი ნეგატიური დამოკიდებულება აღნიშნული კანონპროექტის მიმართ და მოვუწოდოთ ინიციატორებს მისი გამოწვევისაკენ, “- ნათქვამია პეტიციის ტექსტში.