,,ოცნება" ეცდება საკომიტეტო მოსმენა კვლავ სპეცოპერაციად გადააქციოს" - ოპოზიციის გეგმები რუსული კანონის წინააღმდეგ
ოპოზიციის ნაწილი კონსულტაციებს იწყებს. რუსული კანონის წინააღმდეგ პოლიტიკოსები აპირებენ, რომ ერთიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავონ.
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი საზოგადოებას აქტიურობისაკენ მოუწოდებს და კონსულტაციებს აანონსებს.
მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიურობა, ჩვენ უახლოეს დღეებში, ხვალ, ზეგ ვმართავთ კონსულტაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თუ პოლიტიკურ კოლეგებთან და, შესაბამისად, გვექნება უკვე კონკრეტული აქტივობების გეგმა მომავალი კვირიდან,"- აცხადებს სალომე სამადაშვილი.
"რესპუბლიკელების" წევრი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ორშაბათს, ,,ქართული ოცნება" ეცდება მორიგი საკომიტეტო მოსმენა, კვლავ სპეცოპერაციად გადაქციოს .
ორშაბათს არის მორიგი საკომიტეტო მოსმენა, რომლის სპეცოპერაციად გადაქცევასაც ,,ქართული ოცნება" კვლავ ეცდება, რათა დაუპირისპირდეს და თავს დაესხას ყველა იმ ადამიანს, ვინც არ ეთანხმება ამ რუსულ გზას," - სამნიძე.
ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ კორძაია თვლის, რომ "რუსული კანონი" ამ ქვეყნის დამოუკიდებლბას ნიადაგს გამოაცლის. იგი საზოგადოებას თანადგომისკენ მოუწოდებს და ჰპირდება, რომ ისინი აუცილებლად დაინახავენ მათ ბრძოლას ქვეყანაში დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა დაინახონ ჩვენი ბრძოლა ამ ქვეყანაში დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და ჩვენ ასევე გვჭირდება მათი თანადგომა, ჩვენ ახლა ერთიანად უნდა შევუტიოთ ამ ხელისუფლებას. ეს კანონი ამ ქვეყნის დამოუკიდებლბას ნიადაგს გამოაცლის," - თამარ კორძაია.
შეგახსენებთ, რომ ორშაბათს პარლამენტში მორიგი სხდომაა ჩანიშნული, სადაც რუსული კანონპროექტი უნდა განიხილონ.