მოვლენების ეპიცენტრი ხვალ ისევ პარლამენტი იქნება - ოპოზიცია რუსულ კანონს გააპროტესტებს
მოვლენების ეპიცენტრი ხვალ ისე საქართველოს პარლამენტი იქნება, სადაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მმართველი გუნდი რუსულ კანონზე იმსჯელებს. ოპოზიცია პროტესტს უკვე აანონსებს. მათი თქმით, ისინი გამოიყენებენ ყველა ბერკეტს, რათა მოქალაქეებს აუხსნან, რომ კანონი ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება.
ხვალ არის იურიდიული კომიტეტის სხდომა. მალევე აპირებენ პლენარულ სხდომაზე ამ კანონის გატანას და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ის ერთიანი მიდგომა, რაც ჰქონდა საპარლამენტო ოპოზიციას პირველი საკომიტეტო მოსმენის დროს. რა თქმა უნდა, მიზანი არის ის, რომ მუხლობრივ განხილვაში არ შევიდეთ, მთლიანად პრინციპი და იდეაა ამ ქვეყნისთვის დამანგრეველი. რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება" იძალადებს ამ საკომიტეტო მოსმენის დროს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ დეტალურად ავუხსნათ, პრინციპი რამდენად დამანგრეველია, ეს მივიტანოთ თითიეულ მოქალაქემდე. ეს უნდა ხდებოდეს კომიტეტზე, ეს უნდა ხდებოდეს მედიაში, ყველა ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ამბობს პრალამენტის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.
ხვალინდელ გეგმებზე მსჯელობს პარტია "ლელოც". სალომე სამადაშვილი ხაზს უსვამს, რომ კანონის მიზანი ქვეყანაში ავტოკრატული რეჟიმის დამყარებაა.
ნუ მოგატყუებთ რუსული საოკუპაციო რეჟიმი. ეს არის რუსული კანონი. ამ კანონის მიზანია ქვეყანაში ავტოკრატული რეჟიმის განმტკიცება, თქვენთვის წართმევა შანსის, რომ იცხოვროთ ქვეყანაში, სადაც თუნდაც საკუთარი აზრის გამოხატვა შეგიძლიათ თავიუფლად ან შეგიძლიათ თავისუფალი არჩევანი გააკეთოთ პოლიტიკურ პროცესში. ამ კანონის ერთადერთი დანიშნულებაა, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატი სტატუსი ევროკავშირის, - ამბობს სამადაშვილი.
საპროტესტო აქცია იგეგმება ხვალ საკანონმდებლო ორგანოს გარე პერიმეტრზეც. ადგილზე პროტესტს სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები გამოხატავენ.