"არა პუტინისტურ დიქტატურას" - რუსული კანონის წინააღმდეგ ხვალ ქუჩაში სტუდენტებიც გადიან
რუსული კანონის წინააღმდეგ ხვალ ქუჩაში სტუდენტებიც გადიან. პარლამენტის შენობის წინ იქნებიან "ქართული ოცნების" დეპუტატის ნიკოლოზ სამხარაძის სტუდენტებიც.
საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლას აპირებენ მასწავლებლებიც. ყველა ერთად
მოუწოდებს ხელისუფლებას, გაიწვიოს პარლამენტიდან საშიში კანონპროექტი და შეწყვიტოს საბოტაჟი ქვეყნის მიმართ.
ხვალ სტუდენტები, ახალგაზრდები, ისევე, როგორც საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ვიქნებით პარლამენტთან და ცხადია, ფიზიკურად ვაპირებთ დავუპირისპირდეთ საქართველოში, ფაქტობრივად, პუტინისტური დიქტატურის გაფორმებას ამ კანონით და ჩვენი ქმედებები იქნება ძალიან მკაფიო. ჩვენ გადავწყვიეთ, რომ მორალური დილემის წინაშე დავაყენოთ ადამიანი, რომელიც არის ჩვენი ლექტორი და ამავდროულად, არის ჩართული ამ პროცესებში და ყველა სტუდენტების ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებაა, რომ ეს ადამიანი დავტოვოთ მარტო აუდიტორიებში, - ამბობს სტუდენტი ნიკო მანაგაძე.
მოვლენების ეპიცენტრი ხვალ ისე საქართველოს პარლამენტი იქნება, სადაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მმართველი გუნდი რუსულ კანონზე იმსჯელებს. ოპოზიცია პროტესტს უკვე აანონსებს. მათი თქმით, ისინი გამოიყენებენ ყველა ბერკეტს, რათა მოქალაქეებს აუხსნან, რომ კანონი ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება.