არ მიიღოთ ანტისახელმწიფოებრივი, არაკონსტიტუციური კანონი - შშმ ახალგაზრდების მიმართვა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები ეწინააღმდეგებიან პარლამენტში ინიციირებულ რუსულ კანონპროექტს და აღნიშნავენ, რომ კანონი დააზიანებს არამხოლოდ მედიას, არასამთავრობოებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ მოწყვლად ჯგუფებსაც.
გავრცელებულ განცხადებაში ისინი მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, არ მიიღონ ანტისახელმწიფოებრივი და არაკონსიტუტუციური კანონი.
"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებული ნაწილის უმრავლესობა საქმიანობს არასამთავრობო ორგანიზაციებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უმრავლესობას ერთხელ მაინც უსარგებლია უცხოური დაფინანსებით განხორციელებული პროგრამებით, მომსახურებებითა და სერვისებით. უცხოური დონაციებისა და დაფინანსებების დამსახურებაა, რომ გვაქვს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენცია, ინკლუზიური განათლება სკოლებში, რომ არსებობს დიდი ზომის ინსტიტუციების ალტერნატივა საოჯახო ტიპის საცხოვრისები, უფასო სასწავლო კურსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ა.შ. თავად რატი იონათამიშვილი, რომელიც უნდა წარმოადგენდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხმას საკანონმდებლო ორგანოში, წლების განმავლობაში თანამშრომლობდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მის ხელში გაიარა უამრავმა დაფინანსებამ უცხოური წყაროებიდან, მას დიდი წვლილი მიუძღვის არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებაში.
ამასთანავე, აღნიშნული კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების თვითმიზანი კი - ევროკავშირია. აქედან გამომდინარე, თქვენ ვალდებულები ხართ, გაითვალისწინოთ ჩვენი საჭიროებები და ინტერესები, არ დაუჭიროთ მხარი ჩვენ საწინააღმდეგო, რუსულ კანონპროექტს!"- ნათქვამია განცხადებაში.