"მსუსხავი ეფექტი ექნება, სასწრაფოდ გაიწვიეთ" - “ევროპული ალიანსი საქართველოსთვის” რუსულ კანონზე
რუსული კანონის წინააღმდეგ ამჯერად “ევროპული ალიანსი საქართველოსთვის” გამოდის. ევროკავშირის ინსტიტუტებსა და კვლევით და აკადემიურ სფეროში მომუშავე ქართველთა ჯგუფმა 6 მარტს უცხოური გავლენის კანონის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შეუსაბამობის პროცესთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.
“ევროპული ალიანსი საქართველოსთვის” მიიჩნევს, რომ "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მსუსხავი ეფექტი ექნება და საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება.
ალიანსი საქართველოს ხელსუფლებას კანონპროექტის სასწრაფოდ უკან გაწვევისკენ მოუწოდებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტის უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში მიღება პირდაპირ და დაუფარავ საფრთხეს წარმოადგეს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისათვის. დღეს საქართველო იმყოფება გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე. გასულ წელს საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული - მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა, რაც ნიშნავს პოლიტიკურ აღიარებას, რომ საქართველო იქნება ევროკავშირის ნაწილი. მიმდინარე წელს კი ველოდებით კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონის ძალაში შესვლა უკიდურესად უარყოფითად შეფასდება ევროკომისიის მიერ აპრილში დაგეგმილ ზეპირ მოხსენებაზე. ეს პირდაპირ გავლენას იქონიებს მიმდინარე წლის ოქტომბერში ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ შეფასებაზე, რაც წარმოადგენს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობას.
ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ, რომ ე.წ „აგენტების კანონის“ ამოქმედება პარლამენტში, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას გაურკვეველი ვადით გადადებს, მსუსხავ ეფექტს იქონიებს ქვეყნის ევროინტეგრაციისაკენ მიმავალ გზაზე და შეულახავს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს.
მივმართავთ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს და ყველა იმ აქტორს, ვინც ჩართულია აღნიშნულ პროცესში, რომ სასწრაფოდ იქნას გაწვეული ე.წ „აგენტების კანონი“, მოეწყოს ფართო კონსულტაცია მის ირგვლივ, და მხოლოდ ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე, ასევე, ევროკავშირის სტანდარტების გათვალისწინებით და დაცვით მოხდეს პროცესის მსვლელობა.
ევროპული ალიანსი საქართველოსთვის არის ბრიუსელი დაფუძნებული ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის და ქვეყნის ინტერსების მხარდაჭერა. ორგანიზაცია აგრეთვე ხელს უწყობს ქართველი პროფესიონალების ევროკავშირში საქმიანობას - დაარსების დღიდან, ორგანიზაციამ 50-მე ქართველი სტაჟიორი ჩამოიყვანა ევროპის პარლამენტში და განახორციელა 20-მდე სასწავლო პროგრამა როგორც ბრიუსელში, აგრეთვე ვაშინგტონში.