ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნების აგენტებს და არც უცხო ქვეყნის მსახურებს - ღარიბაშვილი
ყველა უნდა შეეგუოს მარტივ მოცემულობას და ჭეშმარიტებას, ჩვენი ქვეყნის მომავალი არ და აღარ ეკუთვნით არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს - ასე ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას.
"მათი აჟიოტაჟი არის უბრალოდ სპეკულაცია" "სულ ტყუილად ირჯებიან" - თქვა მთავრობის მეთაურმა იმ ადამიანების მისამართით, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ.
ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს. მე ერთი რამ მინდა, შევახსენო ყველას, მათ შორის დესტრუქციულ რადიკალურ ოპოზიციას, სრული ლუსტრირება მოხდა იმისა, თუ ვის ემსახურებიან ეს ადამიანები, ეს ტრაგედიაა, რომ ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ არიან პოლიტიკაში. ხალხი ბრძენია. ამ ადამიანებმა, როცა იყვნენ ხელისუფლებაში ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, ჩააბარეს ოკუპანტს ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი. შემოიყვანეს რუსული ჯარი და ააშენებინეს სამხედრო ბაზები. გახსოვთ, ომის შემდეგ, როგორ სამარცხვინოდ გადასცეს მთელ რუსულ სახელმწიფო კომპანიებს ჩვენი სტრატეგიული აქტივები. ეს არის მარტივი რეალობა, რაზეც მინდა ვუთხრა, რომ ყოველგვარი მათი აჟიოტაჟი არის სპეკულაცია, სულ ტყუილად ირჯებიან"- თქვა პრემიერ-მინისტრმა.
მეტიც ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, "ქართული პოზიცია აბსოლუტურად დეგრადირებულია":
ამ ადამიანებმა ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა. ყოველგვარი მათი ეს აჟიოტაჟი არის უბრალოდ სპეკულაცია, სულ ტყუილად ირჯებიან. იმ დონეზე დაეცა ეს ორგანიზაცია, რომ მათი ტელევიზია პირდაპირ მოუწოდებდა საზოგადოებას იარაღის ხელში აღებისკენ. ჩანს, რამდენად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან. ჩვენ, ხელისუფლება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველვყოფთ, მაგრამ არავის ვაპატიებთ არცერთ უკანონო ქმედებას. ასე რომ ყველა დამშვიდდეს",- დასძინა მან.