გთხოვთ, დაბრუნდით პარლამენტთან - ოპოზიციის საგანგებო მიმართვა

07.03.23 16:00
გთხოვთ, დაბრუნდით პარლამენტთან - ოპოზიციის საგანგებო მიმართვა

მოვუწოდებ ქართველ ხალხს, მოდით პარლამენტთან და კიდევ ერთხელ აჩვენეთ თქვენი ძალა ამ მშიშარა ადამიანებს - ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მოქალაქეებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლისკენ მოუწოდეს.

საგანგებო განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც "ქართულმა ოცნებამ" პირობა დაარღვია და  გადაწყვიტა, რომ რუსული კანონი ხუთშაბათის ნაცვლად დღეს განეხილა. 

„მინდა მივმართო გარეთ შეკრებილ ადამიანებს და საქართველოს მოქალაქეებს, ვინც ახლა სახლში ხართ. დღეს, ამ პარლამენტში „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ მალულად მოკლას თქვენი შანსი იცხოვროთ ევროპულ სახელმწიფოში. მოვუწოდებ ქართველ ხალხს, მოდით პარლამენტთან და კიდევ ერთხელ აჩვენეთ თქვენი ძალა ამ მშიშარა ადამიანებს, რომლებიც აქ შეიყუჟნენ და ცდილობენ დაჩქარებული წესით ჩაატარონ განხილვა. რაც მთავარია, ოპოზიციის დიდ ნაწილს დარბაზი ჩაუკეტონ. ბოიკოტის შეწყვეტა ნებისმიერ დროს შეუძლია ყველა პოლიტიკოსს და ვინც მოინდომებს ამ დარბაზში შემოსვლას, გირჩევთ ყველას გაუხსნათ კარი"- თქვა სამადაშვილმა. 

"ლელოს" ერთ-ერთი დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ისინი პარლამენტის შიგნიდან აპირებენ ბრძოლას: 

"გთხოვთ, ვინც დილით იყავით, დიდი მადლობა, დაბრუნდით გთხოვთ და ვინც ახლა ეკრანებთან გვიყურებთ ყველას გთხოვთ და მოგიწოდებთ, ჩვენ ვაპირებთ შიგნით ბრძოლას, მაგრამ, გთხოვთ რომ მოხვიდეთ და დადგეთ საქართველოს პარლამენტთან", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, კი ხელისუფლებამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვის დღეს ჩანიშვნით "ძალიან მარტივი და ეშმაკური ხრიკი მოიგონა".

„ძალიან მარტივი და ეშმაკური ხრიკი მოიგონეს. შესვენებაც არ გამოაცხადეს იმისთვის, რომ ჩვენ გვქონოდა საშუალება, ყველა დეპუტატი, ვინც გასული იყო შენობიდან, უკან მობრუნებულიყო. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია დღეს საქართველოს საზოგადოების ერთობა. ყველა, ვინც ამ დღეების განმავლობაში ხმას იღებდა და ხმა ამოიღო ამ რუსული კანონის წინააღმდეგ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ერთობლივი ძალებით გავაგრძელოთ ეს ბრძოლა. ჩვენ ვიქნებით აქ, მაქსიმალურად ხელს შევუშლით ამ კანონპროექტის მიღებაში, მაგრამ ყველამ ერთად, როგორც არასდროს - ძალა ერთობაშია. გელოდებით ყველას იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ეს არ გაუვიდეთ“, - განაცხადა დეკანოიძემ.

 

მსგავსი სიახლეები