ვინ არის კაცი, ვინც შეიარაღებული მძარცველი საქართველოს ბანკში მიიყვანა - ახალი დეტალები ესებუას პროცესიდან
ბადრი ესებუას საქმეზე დღეს ზუგდიდის სასამართლოში მოწმე დავით მატუა გამოიკითხა, პირი რომელმაც თავდამსხმელი „საქართველოს ბანკის“ ფილიალამდე მიიყვანა.
მოწმემ სასამართლოზე თქვა, რომ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, ნიღბიანი პირი გზაზე გადაუდგა და ბანკამდე თავი მიაყვაინა.
„ახალ სოფლიდან ზუგდიდის მიმართულებით ვმოძრაობდი მანქანით, მდინარე ჯუმის ხიდამდე სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პიროვნებამ გამაჩერა, წინ გადამიდგა, შავი ფერის ნიღაბი ეკეთა, თვალები შავად ჰქონდა შეღებილი, ხელში ავტომატის ტიპის იარაღი ეჭირა, ჩამიჯდა მანქანაში მითხრა გზას უყურეო. როცა მანქანაში ჩავისვი, ვიფიქრე, თანამშრომელია და ოპერაციაზე მიდის-მეთქი. მიმითითა, რომ რუსთაველის ქუჩით წავსულიყავი, მერე ბანკისკენ მიმითითა, კართან მიმაყვანინა მანქანა, გადმოვიდა, ვნახე , რომ ხელში ხელყუმბარა ეკავა, მანქანიდან გადასვლისთანავე რამდენჯერმე გაისროლა. მე სამსახურში წავედი და ხელმძღვანელს ვუთხარი ყაჩაღი მივიყვანე ბანკში-მეთქი”, - აღნიშნა დავით მატუამ.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა.