"გაჯავრდი და განაწყენდი, ხმამყივარი შეიქენი... საქართველო არის შენი!"- ბესიკ ხარანაულის "შეძახილი"

07.03.23 17:21
"გაჯავრდი და განაწყენდი, ხმამყივარი შეიქენი... საქართველო არის შენი!"- ბესიკ ხარანაულის "შეძახილი"

შეძახილი - ასე ქვია ლექსს, რომელსაც ქართველი პოეტი ბესიკ ხარანაული ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს.

"გაჯავრდი და განაწყენდი, ხმამყივარი შეიქენი... საქართველო არის შენი!"- წერია ლექსში: 

ჩემო ახალგაზრდა კაცო,
მე კი ვიცი, სხვას რომ ვმღერი,
მაგრამ, რა ვქნა,
ეს ბებერი
და ეს ოხრად დასარჩენი,
სხვისი არავისი არის,
საქართველო არის შენი!

ზოგი ტირის,
ზოგი ღნავის,
ლხინში არის დანარჩენი,
მაგრამ, სხვისი არავისი,
საქართველო არის შენი!

მძიმე ტვირთს რომ
ზურგზე გკიდებ,
მართალს გეტყვი,
ცოტად მრცხვენის,
მაგრამ რა ვქნა, ეს ბებერი,
და ეს ოხრად დასარჩენი,
სხვისი არავისი არის,
საქართველო არის შენი!

ჩემო ახალგაზრდა კაცო,
სახით შენით თავსაც შვენი,
და იმედს თუ ჩამინერგავ,
ტკივილებსაც მოვირჩენდი,
გაჯავრდი და
განაწყენდი,
ხმამყივარი შეიქენი,
სხვისი არავისი არის,
საქართველო არის შენი!

მსგავსი სიახლეები