კანონის მიღება ნიშნავს, რომ პარლამენტი გააკეთებს ისტორიულ არჩევანს რუსეთისკენ - ნინო ლომჯარიას მიმართვა
"მე ვიცნობდი სამოქალაქო აქტივისტებს რუსეთიდან, ბელარუსიდან, სხვა ქვეყნებიდან, სადაც ასეთი კანონები მოქმედებს, 10 წლის წინ ვნახე ისინი და დღეს მე არ ვიცი, სად არიან. ზოგი ქვეყნიდან წასულია, ზოგი დაიჭირეს, ზოგი მოკლეს, ზოგს გული გაუსკდა, ვერ აიტანა აგენტის იარლიყის მიწებება"- ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მთავარ გამზირზე შეკრებილები მსოფლიოს აჩვენებენ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა:
"ერთად დგომით უნდა დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, არამხოლოდ ისტორიული იდენტობა. მეგობრებო, დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს, ამით ვიამაყებთ, შთამომავლობას მოვუყვებით"- თქვა ყოფილმა ომბუდსმენმა და პარლამენტს კიდევ ერთხელ მიმართა: "არ დაუშვან ეს ისტორიული შეცდომა".
მისი შეფასებით, "უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების მიღება ნიშნავს, რომ პარლამენტი გააკეთებს ისტორიულ არჩევანს რუსეთისკენ მაშინ, როდესაც ხალხის არჩევანია ევროპა"
ყველას გთხოვთ, გამოდით, დადექით ისტორიის სწორ მხარეს, ეს არაა ვინმეს პოლიტიკური აქცია, ეს არის გამოხატვის საშუალება. ჩვენ ყველა აქ ვდგავართ ერთად, შეგვიძლია ერთად დგომა, როცა ამ ქვეყნისთვის დგება გადამწყვეტი მომენტი", - თქვა ნინო ლომჯარიამ.