შეგახსენებთ, რომ ხალხს მშვიდობიანი პროტესტის უფლება გააჩნია - EU-ს უმაღლესი წარმომადგენელი "ოცნებას"
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებას საგანგებო განცადებით ეხმიანება და წერს, რომ კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან შეუთავსებელია.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ კანონი არსებული ფორმით სამოქალაქო საზოგადოებისთვის და მედიასაშუალებებისთვის საფრთხის შემცველია. ჯოზეფ ბორელი საქართველოს ხელისუფლებას ახსენებს, რომ ხალხს მშვიდობიანი პროტესტის უფლება გააჩნია.
სამშაბათს საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ეს საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის ძალიან ცუდი მოვლენაა.
ეს კანონი მისი არსებული ფორმით სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციებზე უარყოფითი ზემოქმედების საფრთხეს შეიცავს და საქართველოს ბევრ მოქალაქეს, ვისთვისაც ამ ორგანიზაციების მუშაობას სარგებელი მოჰქონდა, საზიანო შედეგებს მოუტანს. ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან შეუთავსებელია. ის ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. მის საბოლოო მიღებას შეიძლება ჩვენი ურთიერთობებისთვის სერიოზული სავალალო შედეგები მოჰყვეს.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს შეასრულოს თავისი ვალდებულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობასთან მიმართებაში და შეგახსენებთ, რომ ხალხს მშვიდობიანი პროტესტის უფლება გააჩნია, - ნათქვამია განცხადებაში.