საფრთხეს უქმნის საქართველოს პროევროპულ გზას - ევროპარლამენტარები რუსულ კანონზე
16 ევროპარლამენტარი რუსულ კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს - მიმართვის ავტორები არ მალავენ, რომ ე.წ. "უცხოური აგენტების“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებით, ღრმად შეშფოთებულები არიან.
ევროპარლამენტარების შეფასებით, კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებსა და საქართველოს პროევროპულ გზას საფრთხეს უქმნის.
"საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დემოკრატიულ რეფორმებში და ქვეყნის ევროკავშირის წევრობის განაცხადის მომზადებაში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ თავი შეიკავონ სამოქალაქო საზოგადოების როლის დისკრედიტაციისა და შეზღუდვის შემდგომი მცდელობებისგან და ამის ნაცვლად, ხელი შეუწყონ კანდიდატის სტატუსის მისაღებად თანამშრომლობის გარემოს შექმნას - მიზანი, რომელსაც ჩვენ ძლიერ ვუჭერთ მხარს და ვართ ერთგულები, დაგეხმაროთ მის მიღწევაში", - აღნიშნულია განცხადებაში.