თავისუფლებას თავისი ფასი აქვს - პატიმრობაში მყოფი ნადიმ ხმალაძის წერილი "ტვ პირველს
პატიმრობაში მყოფი ნადიმ ხმალაძე "ტვ პირველს" წინასწარი დაკავების იზოლატორიდან წერილს უგზავნის.
უკრაინაში მებრძოლი ქართველი დეტალურად აღწერს მისი დაკავების პროცესს.
ხმალაძის თქმით, ის არა აქციაზე, არამედ ფარულად, თავისუფლების მოედანზე დააკავეს.
მათი სიმხდალე და შიში გამოვლინდა ჩემი უკანონო დაკავებითაც, არა მიტინგზე ან რაიმე უკანონო ქმედების ჩადენისას, არამედ მალულად, უკანონო თვალთვალისა და დევნის შემდეგ, მიზანმიმართულად და სიმბოლურად თავისუფლების მოედანზე", - აღნიშნულია ციხიდან გამოგზავნილ წერილში.
უკრაინაში მებრძოლი ქართველი რუსთაველზე მიმდინარე აქციასაც ეხმაურება და ამბობს, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება.
"დღეს ჩვენ წინაშე დგას, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხი - ვართ თუ არა ჯერ კიდევ სახელმწიფო. მე, როგორ უკრაინაში მებრძოლი ქართველი რიგითი, ჩემი ქვეყნის ჯარისკაცი, იარაღით ხელში ვიბრძვი გულანთებულ პატრიოტებთან ერთად. ოკუპანტი, ტერორისტული ქვეყნის წინააღმდეგ.
სუფთა ხელებით, ყოველგვარი ძალის გარეშე, მოვუწოდებ ჩვენს ქართველებს მშვიდობისკენ, რადგან ვიცი ომის ფასი. მოვუწოდებ ერთად დგომისკენ. გამგრდით, არ შეშინდეთ, რადგან ზუსტად ვიცი როგორი მშიშრები არიან ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ხელისუფალნი, როგორი საცოდავი სანახავები არიან, რაც გამოჩნდა კიდეც გუშინდელ აქციაზე, სადაც აბსოლუტურად მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა და ძალის გამოყენების არანაირი საჭიროება არ არსებობდა.
გამაგრდით ქართველები, თავისუფლებას თავისი ფასი აქვს. მე დამაკავეს, ბევრს დააკავებენ, მაგრამ ყოველი თქვენგანის დაკავება გააასმაგებს ხალხის რაოდენობას რუსთაველზე", - წერს "ტვ პირველს" ნადიმ ხმალაძე.