სოლიდარობას ვუცხადებთ რუსთაველზე მიმდინარე აქციას - ანტირუსული აქცია გერმანიაში

08.03.23 22:32
სოლიდარობას ვუცხადებთ რუსთაველზე მიმდინარე აქციას - ანტირუსული აქცია გერმანიაში

პროტესტის ეპიცენტრია საქართველოს საკონსულო გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში. ადგილზე ასამდე საქართველოს მოქალაქე შეიკრიბა. ისინი „ქართული ოცნების“ რუსულ კანონს აპროტესტებენ. 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ურყევი არჩევანია, ეს არჩევანი გამყარებულია კონსტიტუციითაც, ამიტომ ხელისუფლებას ხალხის ნების საწინააღმდეგო და დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელი კანონის მიღება არავინ უნდა აპატიოს. 

საქართველოს საკონსულოსთან შეკრებილებმა თბილისში მიმდინარე მრავალათასიან მანიფესტაციას სოლიდარობა გამოუცხადეს: "თქვენს გვერდით ვართ"- ეუბნებიან ემიგრანტები  თბილისის ცენტრში შეკრებილებს. 

„ფრანკფურტში მცხოვრები ქართველები ვაპროტესტებთ კანონს, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია ქართველი ერის ისტორიულ არჩევანს. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი მკაფიოდ აფიქსირებს, რომ ქართველი ხალხის ნება და არჩევანი არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. შესაბამისად, ჩვენს საზოგადოებას აქვს წინააღმდეგობის უფლება. ჩვენ არ დავეთანხმებით რუსული ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონს, რომელიც საქართველოს მომავალს მიაქანებს რუსეთისაკენ“,- აცხადებს აქციის მონაწილე, გერმანიაში მცხოვრები ქართველი სტუდენტი ალექსანდრე ბუთხაშვილი.