არ შევწყვეტთ მოსახლეობის ინფორმირებას, როდესაც ჩაცხრება ემოციები საინფორმაციო კამპანიას გავშლით - ხალხის ძალა
"ხალხის ძალა" არ გამორიცხავს, რომ რუსული კანონპროექტი თავიდან დააინიცირონ. "ქართული ოცნების" პრორუსული დანაყოფის ერთ-ერთი ლიდერი ეკა სეფაშვილი ფაქტობრივად მიანიშნებს, რომ "ემოციების ჩაცხრომის" შემდეგ გააგრძელებენ "ხალხის ინფორმირებას" კანონპროექტთან დაკავშირებით და პოლიტიკურ ნაბიჯებს თავიდან განსაზღვრავენ.
"ოცნებიდან ფორმალურად განდგომილები" რუსული კანონის პოპულარიზაციისთვის კამპანიის წარმოებას აანონსებს, სოფლებში ქალაქებსააა და ქვეყნის ყველა წერტილში.
" არ შევწყვეტთ მოსახლეობის ინფორმირებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და როდესაც ჩაცხრება ემოციები, განვუმარტავთ მოსახლეობას, რას გულისხმობდა ეს კანონპროექტი, რატომ არის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი საზოგადოების თითოეული წევრისათვის, სწორედ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ამგვარი დაპირისპირება, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნა. ჩვენი პირველი ამოცანა არის, რომ ხალხს ავუხსნათ და სწორად ვაჩვენოთ ის, თუ რას გულისხმობდა ეს კანონპროექტი, რატომ არის მნიშვნელოვანი გამჭვირვალობა და, განსაკუთრებით, უცხოური ძალებისაგან დაფინანსებული ფინანსების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ ამ მიმართულებით ფართო საინფორმაციო კამპანიას გავშლით. რა თქმა უნდა, მიუღებელია ფიზიკური დაპირისპირება, მოლოტოვის კოქტეილები, შეჭრა პარლამენტში, ცეცხლის გაჩენა და ა.შ. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე, სწორედ ამიტომ იქნა მიღებული ჩვენი გადაწყვეტილება“, – განაცხადა სეფაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს დილით ქართულმა ოცნებამ გაავრცელა განცხადება, კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით, თუმცა ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და აქტივისტები ამბობენ, რომ ბრძოლა გაგრძელდება, რადგან ოცნება გეგმავს მხოლოდ დროებით შეაჩეროს ეს პროცესი და პროტესტის ჩაცხრობისთანავე განაახლებს განხილვასაც და შეეცდება მის საბოლოოდ მიღებასაც.