"არ გვჯერა ოცნების" - ოპოზიცია პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს

09.03.23 21:53
"არ გვჯერა ოცნების" - ოპოზიცია პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მყოფი პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები  პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებენ. 

„ჩვენ პარლამენტის დეპუტატები მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით, მოიწვიოს უახლოეს დღეებში რიგგარეშე სხდომა და და გაფორმდეს სამართლებრივად, კონსტიტუციურად - არა რუსულ კანონს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილი.

სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემაც. 

პოლიტიკოსის თქმით, "ოცნების" დაპირება აუცილებლად უნდა გაფორმდეს იურიდიულად და სამართლებრივად.

"იმისთვის, რომ პირველი მოსმენით მიღებული კანონი არ იქცეს კანონად, აუცილებელი სასწრაფოდ პრეზიდენტმა მოიწვიოს საგანგებო პარლამენტის სხდომა, რადგან ქართული ოცნების არავის არ სჯერა და ეს დაპირება გაფორმდეს იურიდიულად და სამართლებრივად, რომ საქართველოს არ შეექმნება პრობლემა ევროპაში ინტეგრაციის გზაზე", - თქვა მანჯგალაძემ.

ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების უმწვავესი პროტესტის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. 

რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტის მიმდებარედ გამართულ აქციებზე დაკავებული 133 პირიდან, 132 გაათავისუფლეს.

აქციის მიმდინარეობისას დაკავებული 1 პირი კი პატმრობაში დატოვეს. უწყებაში ამბობენ, რომ მას სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულს ედავებიან.