მიტინგის ერთ-ერთი მიღწეული მიზანი სააკაშვილის გათავისუფლება იქნება - მერაბიშვილი

10.03.23 14:38
მიტინგის ერთ-ერთი მიღწეული მიზანი სააკაშვილის გათავისუფლება იქნება - მერაბიშვილი

ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ თბილისში გამართული პროტესტების მიზანი მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება უნდა იყოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტ ევგენი კისელიოვის იუთუბ არხზე, 8 მარტის გადაცემაში განაცხადა. 

ჩვენი პარტია პირველ საკითხად აყენებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ამ მიტინგის მიღწეული ერთ-ერთი მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

უნდა გესმოდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ნახევარ საათში ივანიშვილის რეჟიმის დასასრულს ნიშნავს. სწორედ ამიტომ ივანიშვილს ამ დრომდე ჰყავს დაპატიმრებული სააკაშვილი, – განაცხადა მერაბიშვილმა.

ჟურნალისტმა მერაბიშვილს ჰკითხა, ხომ არ მოსვლიათ აზრად იმ საავადმყოფოს ბასტილიის ციხესავით აღება, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.

თქვენ დაინახეთ, რომ გუშინ პარლამენტთან ხალხი უბრალოდ იდგა და მათ წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი. ზუსტად იგივე მოხდება საავადმყოფოსთან, რადგან როგორც კი წავიყვანთ იქით ხალხს, ხელისუფლება იქით გადაისვრის ძალებს. სად იქნება ეპიცენტრი, ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანი არ არის, რადგან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არის ჩვენი პირველადი ამოცანა. ამ დრომდე ამას დიპლომატიური მეთოდებით ვცდილობდით. ამჟამად ამერიკაში ჩვენ ძალიან სერიოზული მიღწევები გვაქვს ამ მიმართულებით. არ არის მნიშვნელოვანი, სად გაირღვევა პოლიციის „კორდონი“, პარლამენტთან თუ საავადმყოფოსთან. კორდონის ნებისმიერი „გარღვევა“ არის სააკაშვილის და მთელი საქართველოს გათავისუფლება, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.