რაზე ისაუბრეს ზურაბიშვილმა და სალივანმა დახურულ კარს მიღმა - თეთრი სახლი ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
რაზე ისაუბრეს ზურაბიშვილმა და სალივანმა დახურულ კარს მიღმა - თეთრი სახლი ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სალომე ზურაბიშვილმა და ჯეიკ სალივანმა საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენები განიხილეს, რა დროსაც ხაზი გაუსვეს მათი ქვეყნების საერთო ინტერესს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში.
განცხადებაში ასევე წერია, რომ საუბრის ერთ-ერთი თემა რუსულ კანონს შეეხებოდა, რა დროსაც ორივე მხარემ შეშფოთება გამოთქვა.
„ისაუბრეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე საქართველოს მხრიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მისაღებად აუცილებელი რეფორმების ჩატარებისადმი ერთიანი და ინკლუზიური მიდგომის მიმართ. მათ ასევე განიხილეს საერთო შეშფოთება საგარეო დაფინანსების მიღებისთვის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგისტრაციისა და სტიგმატიზაციის შესახებ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რამაც, შესაძლოა, შეაფერხოს ასობით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი მუშაობა, რომელიც მიმართულია მათი თემების გაუმჯობესებისკენ. ისინი მიესალმნენ მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებას, გაიწვიონ ორი კანონპროექტი“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
თეთრი სახლის ცნობით, ჯეიკ სალივანმა და სალომე ზურაბიშვილმა ასევე განიხილეს იმის უზრუნველყოფის საჭიროება, რომ რუსეთმა იგრძნოს სრული ეკონომიკური ფასი იმ სანქციების, საექსპორტო კონტროლის და სხვა ეკონომიკური შეზღუდვების, რომლებიც აშშ-მა და 30-ზე მეტი მოკავშირისა და პარტნიორის კოალიციამ დააწესეს რუსეთის წინააღმდეგ, რათა პასუხი აგებინოს პუტინს უკრაინაში წარმოებული ომისთვის. სალივანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მხრიდან საჭიროა, თავიდან აიცილოს, რომ არ გახდეს სანქციების თავის არიდების ან გვერდის ავლის გზა.
ჯეიკ სალივანთან შეხვედრის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერზე“ დაწერა, სადაც მადლობას უხდის აშშ-ს ქართველი ხალხის მხარდაჭერისა და ევროკავშირში ინტეგრაციის ერთგულებისთვის.