ოპოზიციის ამოცანა ქაოსი და დესტაბილიზაცია იყო შეიძლება, რამდენიმე ახალგაზრდა თავადვე მოეკლათ - პრემიერი აქციაზე
ოპოზიციის ამოცანა ქაოსი და დესტაბილიზაციის შექმნა იყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო არხზე თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, კანონის უკან გაწვევით "ქართული ოცნება" გონივრულად მოიქცა და ქვეყანაში მშვიდობის პოლიტიკა გაატარა.
გადაწყვეტილება, რომელიც ამ კანონის უკან გაწვევით მივიღეთ, ამ სიტუაციაში, სახელმწიფოებრივად, ყველაზე სწორი და გონივრული იყო. ამით [კანონის გაწვევით] ვაჩვენეთ, რომ აქ არავის მივცემთ უფლებას, რომ ვიღაცამ რაღაც დესტაბილიზაცია მოაწყოს, არეულობა და ქაოსი შემოიტანოს ქვეყანაში, მერე მეორე ფრონტები და ათასი სისაძაგლე გააჩაღოს. მეორე მხრივ, ვიცოდით რა, მათი ძალიან ცუდი გეგმების შესახებ, მათი ამოცანა იყო ქაოსი, მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება, არეულობა, შეიძლება რამდენიმე ახალგაზრდა მოეკლათ თავადვე. ვთქვით, რომ ამ ნაბიჯით ვუფრთხილდებით ჩვენთვის ყველაზე უფრო ძვირფასს, საქართველოს სტაბილურობას, მშვიდობასა და არა ომის პოლიტიკას, - თქვა პრემიერმა.