20 მარტიდან A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვის ძველი სისტემით გაცემა შეწყდება
ძველი სისტემით A კატეგორიის ტაქსის ნებართვის გაცემა 20 მარტიდან შეწყდება. ახალი მოდელი პირველი აპრილიდან ამოქმედდება - ამის შესახებ განცხადება დედაქალაქის მერმა გააკეთა.
კახა კალაძის თქმით, პირველ აპრილს ერთჯერადად დარიგდება უვადო ნებართვები, რომლის გაყიდვას, ყიდვას, იჯარით გაცემას თვითონ შეძლებენ ნებართვის მფლობელები და თბილისის მერია ნებართვას აღარ გასცემს.
მერის განცხადებითვე, ეს იქნება მათი სამუდამო საკუთრება და თავადვე გადაწყვეტენ, ჰქონდეთ, გააგრძელონ მუშაობა, იჯარაში გადასცენ ვინმეს, გაყიდონ თუ ა.შ.
ვინაიდან ნებართვის გაცემის შესაძლებლობა ამით ამოიწურება, მინდა მოვუწოდო იმ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასდროს აუღიათ ნებართვა, 20 მარტამდე აუცილებლად უნდა მიმართონ მუნიციპალიტეტს და აიღონ ძველი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა, მეგობრებო, ძალიან დიდი თხოვნაა, იმოქმედეთ, თორემ დარჩებით ისე და არ მინდა, ვინმე დარჩეს უკმაყოფილო. ამიტომ 20 მარტამდე აუცილებლად უნდა აიღოთ A კატეგორიის ნებართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ პირველ აპრილს ვეღარ შეძლებთ მიიღოთ უვადო ნებართვები" - ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე.