ევროპარლამენტარების გზავნილია, რომ ფასადური რეფორმებით ევროკავშირში ინტეგრაცია ვერ მოხდება - ვაშაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელიც "დროას" და "გირჩის" წევრებთან ერთად სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავს, ამბობს, რომ ევროპელ დიპლომატებთან საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რუსულ კანონზე და საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე გაიმართა.
ვაშაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების ძირითადი გზავნილია, რომ ფასადური რეფორმებით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ვერ მოხდება.
თუმცა, ოპოზიციონერი ლიდერი იმასაც აღნიშნავს, რომ ყველამ დაინახა, რომ საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ ევროპულ მომავალს.
“შევხვდით ევროპარლამენტის წევრებს, რენიუს პოლიტიკური ჯგუფიდან, რომლებიც წარმოადგენენ უნგრეთს, რუმინთს და დანიას ევროპარლამენტში.
ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, განსაკუთრებით ხაზი გაესვა რუსულ კანონთან დაკავშირებულ საკითხს და საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებს.
ევროპარლამენტარების ძირითადი გზავნილია, რომ ფასადური რეფორმებით და ფასადური ცვლილებებით ევროკავშირში ინტეგრაცია ვერ მოხდება, ამიტომ საჭიროა რეალური რეფორმები „ქართული ოცნების“ მხრიდან!
მეორე, მნიშვნელოვანი საკითხი იყო ის, რომ ყველამ დაინახა, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ევროკავშირის წევრობას და განსხვავებით ხელისუფებისგან, მომართულია ევროპისკენ.
და კიდევ ერთი დასკვნა, „ქართული ოცნება“ არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და არ არის მოტივირებული, წაიყვანოს ქვეყანა ევროპისკენ” - აცხადებს გიორგი ვაშაძე.