სამარცხვინოა, საქართველოს პრემიერი მსოფლიო მასშტაბის ტყუილში კიდევ ერთხელ ამხილეს - "ლელო"

16.03.23 12:49
სამარცხვინოა, საქართველოს პრემიერი მსოფლიო მასშტაბის ტყუილში კიდევ ერთხელ ამხილეს - "ლელო"

"ლელო" პრემიერ ღარიბაშვილს საერთაშორისო საინვესტიციო რეპუტაციის დაზიანებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. 

თამაზ დათუნაშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრს ტყუილში უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა IBP” ამხელს.

როგორც ის აღნიშნავს, პრემიერს მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ მიერ მომზადებული კვლევის "რუსული კანონის" მიღებისა და მომიტინგეების დარბევის "გასამართლებლად" გამოყენებაში სდებს ბრალს.

დათუნაშვილი მოუწოდებს პრემიერს დასჯერდებს ადგილობრივ მასშტაბზე სამარცხვინოობას და ქვეყანას საერთაშორისო მასშტაბზე ნუ დაასამარებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო მასშტაბის ტყუილში ამხილეს კიდევ ერთხელ, ამჯერად ირაკლი ღარიბაშვილს გამოეხმაურა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია - საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა. განცხადებას აქვეყნებს ორგანიზაცია, რომელშიც პირდაპირ მიმართავს  პრემიერ-მინისტრს და ორგანიზაციის მიერ მომზადებული ღია ბიუჯეტის კვლევის რეიტინგის მონაცემების არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს, რაც ყველაზე სამარცხვინოა.

განცხადებაში პირდაპირ ნათქვამია, რომ ღარიბაშვილი და მისი პარტია ამ რეიტინგებს იყენებს რუსული კანონისა და ახალგაზრდების ქუჩაში დარბევის გასამართლებლად და ეს ყოვლად მიუღებელია ამ ორგანიზაციისთვის. განცხადება ასევე ამბობს, რომ აივიპი და სხვა მსგავსი ორგანიზაციები ეყრდნობოდნენ საქართველოში იმ დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აკონტროლებენ ბიუჯეტის ხარჯვასა და მის გამჭვირვალობას და ასეთი ორგანიზაციების შეზღუდვა ნიშნავს, რომ საქართველო ამ რეიტინგებშიც კი უკან დაიხევს, თუ მსგავს ორგანიზაციებს ადგილზე პარტნიორები არ ეყოლათ არასამთავრობო სექტორში. ეს ფაქტი ზიანს აყენებს ჩვენს საერთაშორისო საინვესტიციო რეპუტაციას.

ჩვენ არ გვაწუხებს პრემიერ-მინისტრის რეპუტაცია და მისი პირადი რეიტინგი, კაცს, რომელსაც თავისივე უფროსი იმას ეძახის, რაც თავად უნდა, ჩვენი ინტერესეის საგანი არ არის. მაგრამ "ლელოში" და მე პირადად ძალიან მაინტერესებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია, რომელსაც ასეთი განცხადებები ასამარებს. როდესაც ღარიბაშვილი მანიპულირებს ამ რიცხვებით, გამოქვეყნდა ერთ-ერთი სერიოზული კვლევა „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს რეიტინგმა ერთი წლის განმავლობაში 3 პუნქტით იკლო და სადაც პირდაპირ ამბობენ, რომ ისინი აღშფოთებულები არიან საქართველოშ მზარდი ელიტური კორუფციით. მე მინდა პრემიერადწოდებულს ვუთხრა, დასჯერდით ადგილობრივ მასშტაბს სამარცხვინოობის და შეწყვიტეთ საქართველოს დასამარება საერთაშორიო მასშტაბით", - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციის და ვაშინგტონის N1 ანალიტიკური ცენტრის „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევის მიხედვით, „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა.