IBP ღარიბაშვილის ამხელს - იმედგაცრუებული ვართ, პრემიერმა ბიუჯეტის ინდექსის შედეგები არასწორად გამოიყენა
საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო საბიუჯეტო თანამშრომლობა“ (IBP) საქართველოს-პრემიერ-მინისტრს ტყუილში ამხელს.
IBP აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეა, რასაც ღია ბიუჯეტის ინდექსიც ადასტურებს, საზოგადოების შეგებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.
ორგანიზაციის განმარტებით, ღია ბიუჯეტის ინდექსი საბიუჯეტო დოკუმენტების დროულ გამოქვეყნებას აძლევს დადებით შეფასებას, მაშინ როდესაც მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სხვა ასპექტები ინდექსით არ იზომება.
„საერთაშორისო საბიუჯეტო თანამშრომლობა“ ღარიბაშვილის საპასუხოდ წერს, რომ ქვეყანაში მაღალი დონის კორუფცია გაზრდილია, ხოლო გამოხატვის თავისუფლების დაცულობა შემცირებული.
დაუშვებელია საქართველოს მთავრობის მიერ „ღია ბიუჯეტის“ კვლევის რეიტინგის გამოყენება დრაკონული კანონის გასამართლებლად, რომელიც ზღუდავს დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას გამჭვირვალობის საბაბით.
იმედგაცრუებული დავრჩით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კანონის გასამართლებლად არასწორად ახსნა ქვეყნის რეიტინგი „ღია ბიუჯეტის“ კვლევაში.
"- ნათქვამია განცხადებაში.
რას ზომავს კვლევა და რას არა - IBP განმარტავს:
„ღია ბიუჯეტის“ კვლევა ზომავს გამჭვირვალობას, ზედამხედველობას და საზოგადოების ფორმალურ მონაწილეობას ეროვნული მთავრობის ბიუჯეტის შედგენის პროცესებში. საქართველოს ქულა ნიშნავს, რომ მთავრობამ გამოაქვეყნა დროული და ამომწურავი ინფორმაცია საბიუჯეტო დოკუმენტებში. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო საბიუჯეტო პროცესის მიღმა არის სრულად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური საზოგადოებასთან"- აღნიშნულია მიმართვაში.
განცხადების ბოლოს, ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს თავის ხალხს, რომელიც ისწრაფვის უფრო დემოკრატიული მომავლისკენ.