მერაბიშვილის სუბიექტური მოსაზრებების გამოთქმა უხერხულობას არ მიქმნის - ხაბეიშვილი

16.03.23 17:27
მერაბიშვილის სუბიექტური მოსაზრებების გამოთქმა უხერხულობას არ მიქმნის - ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილს უფლება აქვს თავისი მოსაზრებები საჯაროდ დააფიქსიროს და ამას ვერავინ აუკრძალავს.

ლევან ხაბეიშვილი "პირველებთან" აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერი კი არა, " 22 ათასამდე "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი თანხმდებოდა იმაზე, რომ ენმ-ში ცვლილელები იყო საჭირო".

ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ცხადია, აქვს უფლება ჰქონდეს მისი სუბიექტური მოსაზრებები. ამას ვერავინ ვერ დაუშლის. რაც შეეხება კონკრეტულ მოსაზრებებზე, ვეთანხმები თუ არა ვეთანხმები, ვანო მერაბიშვილი კი არა, 22 ათასამდე "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი დამეთანხმა იმაში, რომ პარტიაში ცვლილებები იყო საჭირო. ეს პროცესი მორჩა და ყველამ უნდა გაიაზროს, რომ დასრულდა და ეს არის ჩვენი გადაშლილი ფურცელი. დარწმუნებული ვარ, ნაციონალური მოძრაობა იქნება ძლიერი და კიდევ უფრო გაძლიერდება.

"პირველების" კითხვაზე, უფრო მეტი უნდა გაეკეთებიანა თუ არა ენმ-ს, ძველი თავმჯდომარის დროს უკრაინასთან დაკავშირებით, ხაბეიშვილი ამბობს, რომ ეს არის ვანო მერაბიშვილის სუბიექტური მოსაზრება.

რაც შეეხება უქმნის თუ არა უხერხულობას ენმ-ს თავმჯდომარეს, რომ პარტიის აქციებს ვანო მერაბიშვილი უანონსებს, ხაბეიშვილი ამბობს, რომ მას უხერხულობას ვერ შეუქმნის კონკრეტული ადამიანების სუბიექტური მოსაზრებები.

"ვერასდროს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს უხერხულობას ვერ შეუქმნის კონკრეტული ადამიანების სუბიექტური მოსაზრებების გამოთქმა. ის არ საუბრობს პარტიის სახელით, ის საუბრობს, მისი მოსაზრებებით. წარმოუდგენელია, ვერ ისაუბრებს ვანო მერაბიშვილი პარტიის სახელით, იმიტომ, რომ არანაირი თანამდებობა მას აქვს.

მერაბიშვილის აღსარებად და აღიარებად მიიჩნიეს ეს ინტერვიუ შიდა პარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა ხაბეიშვილი ამბობს, რომ სხვისი აღქმები არ აინტერესებს და გადაჭრით ამტკიცებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრს ქართული პოლიტიკა არ აინტერესებს და არც ენმ-ს შიდა პარტიულ საქმეებში ერევა.

"ეს მათი აღქმებია და ნაკლებად მაინტერესებს. ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც 8 წელი გაატარა ციხეში, აქვს უფლება სუბიექტური, მისი პოზიციები ჰქონდეს. ვინმეს თუ უნდა მისთვის ენის ამოგლეჯვა ან დახვრეტა, არ არსებობს ასეთი კანონმდებლობა საქართველოში. წარმოუდგენელია, ადამიანს, რომელსაც არ აინტერესებს ქართული პოლიტიკა, მასზე გამუდმებით ვისაუბროთ, გამუდმებით კითხვები იყოს. ვინმეს თუ აწუხებს, მათ ჰკითხეთ. უკეთესია, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე აკეთონ, ვიდრე რარაცეებზე წუხდნენ ხოლმე", - ამბობს ხაბეიშვილი. 

ვანო მერაბიშვილმა პოლიტიკური აღსარება უკრაინულ მედიას ჩააბარა. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ფაქტობრივად აღიარა, რომ ნიკა მელიას განეიტრალების სპეცოპერაციას სათავეში თავად ედგა. 

მან ბევრი ისაუბრა ენმ-ს შიდა პარტიიულ საკითხებზე, ნაცმოძრაობის ძველ და ჯერ კიდებ მოქმედ ლიდერებს აქტიურობა დაუწუნა, ახლებს კი პატრიოტები უწოდა.

მერაბიშვილმა ასევე თქვა, რომ ერთდაერთი სერიოზული პარტია "ნაციონალური მოძროაბაა" და ცვლილებების მოტანა მხოლოდ მათ შეუძლიათ.