ივანიშვილი პოლიტიკიდან იმიტომ წავიდა, რომ ხელისუფლებაში დარჩენილიყო - გახარია
ივანიშვილი ქვეყანას ჩრდილიდან მართავს, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ "დოიჩე ველესთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
გერმანულ მედიასთან ექსპრემიერი ოლიგარქის არაფორმალურ გავლენებზე საუბრობს და ამბობს, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან სწორედ იმიტომ წავიდა, რომ ხელისუფლებაში დარცენილიყო.
გულწრფელად რომ გითხრათ, ბიძინა ივანიშვილი დღესდღეობით საქართველოში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია. ორი წლის წინ, მან ღიად განაცხადა, რომ ტოვებდა პოლიტიკას. ამ საკითხზე საჯაროდ საუბრობდა საერთაშორისო პარტნიორებთან, საზოგადოებასთან და გუნდთან, მაგრამ ყველანი დავდექით ფაქტის წინაშე, რომ ის მიდიოდა, რათა დარჩენილიყო პოლიტიკაში და შეენარჩუნებინა ძალაუფლება ძალაუფლების შემდგომი უკანონო კონსოლიდაციის განხორციელების გზით. ჩემთვის, დღეისათვის ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის ყველაზე გავლენიანი მმართველი, რომელიც ყოველგვარი ფორმალური პასუხისმგებლობების გარეშე ცდილობს ჩრდილიდან მართოს ქვეყანა თავისი მარიონეტების მეშვეობით და რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ უცხო ქვეყნის აგენტების კანონსა და საგარეო პოლიტიკის ცვლილებაზე, მისი განხორციელება უბრალოდ შეუძლებელია ბიძინა ივანიშვილის მითითებების გარეშე, - განაცხადა გახარიამ.
გახარია ასევე პირდაპირ ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი კრემლის ინტერესებით მოქმედებს.
ჩემთვის ნათელია ის ფაქტი, რომ ამ მომენტში ის მოქმედებს კრემლის ინტერესებით. მას ქვეყანა მიყავს რუსეთისკენ და ჩემთვის, ამის მიზეზის, მოტივაციის დადგენას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. ჩემთვის კრიტიკული საკითხია, რომ თუ საქართველოს არ იქნება დიდი გარიგების ნაწილი, როდესაც ეს საშინელი ომი უკრაინაში დასრულდება, საქართველო დარჩება სამხრეთ კავკასიის კონტექსტში და არავინ იცის ჩემი ქვეყნისთვის წევრობის შესაძლებლობის ფანჯარა კიდევ როდის გაიღება. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, რომელიც ყოველთვის ლიდერი იყო ასოცირებულ სამეულში, - თქვა გახარიამ.
პარტია "საქართველოსთის" ლიდერს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ომში უკრაინის წაგებაზე ფსონის დადება, შეცდომა იყო.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის ომზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ ფსონის დადება უკრაინის დამარცხებაზე ამ ომში, კრიტიკული, არსებითი და ძალიან დიდი სტრატეგიული შეცდომა იყო როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილისა, რადგან ასეთი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებელია ბიძინა ივანიშვილის მითითებების გარეშე. სამწუხაროდ, ეს არის ფაქტი, - თქვა გახარიამ.