მოგიწოდებთ, გააძლიეროთ თქვენი ვალდებულებები მასმედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით - კლევერლი "ოცნებას"

17.03.23 12:49
მოგიწოდებთ, გააძლიეროთ თქვენი ვალდებულებები მასმედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით - კლევერლი "ოცნებას"

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გააძლიერონ ვალდებულებები მასმედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

კლევერლი ასევე მოუწოდებს მმართველ გუნდს, რომ ხელი შეუწყონ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას.

ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

კლევერლი პირდაპირ ამბობს, რომ არსებობს რუსეთის მხრიდან საფრთხე, რომ ძირი გამოეთხარონ საქართველოს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს.

ეს გზავნილები კლევერლიმ მას შემდეგ გააჟღერა, რაც ბრიტანელი დიპლომატი საქართველოს არასამთავრობო სექტორს შეხვდა და მათგან მოისმინა ის საფრთხეები, რის წინაშეც ქვეყანა დგას.

„ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ თქვენთან, რათა გავაძლიეროთ თქვენი მედეგობა რუსული ჩარევისადმი, ამიტომაც ვაგრძელებთ მხარდაჭერას თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებისა.

საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განვითარების მიმართულებით 1987 წელს მარგარეტ ტეტჩერის ისტორიული ვიზიტის შემდეგ. იმისთვის, რომ გამყარდეს თქვენი დემოკრატია და გაძლიერდეს ინსტიტუტები, იმათ წინააღმდეგ ვისაც სურთ ძირი გამოუთხარონ, 

მოგიწოდებთ განაახლოთ და გააძლიეროთ თქვენი ვალდებულებები მასმედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, განვითარებულ სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ და დავრჩებით მტკიცე და ურყევი მეგობარი საქართველოსი. ველი იმას, რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავა“, - განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.

ამ წუთებში, ბრიტანეთის თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი საქართველოს მთავრობის მეთაურს ხვდება. შეხვედრის შემდეგ, უკვე მთავრობის ადმინისტრაცია გააჟღერებს თუ რა თემებზე იყო საუბარი პირისპირ შეხვედრაზე და რა უთხრა კლევერლიმ ღარიბაშვილს. ამის შემდეგ ბრიტანელი დიპლომატი საოკუპაციო კაზთან გადაინაცვლებს, ბოლოს კი ის მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხებს და საქართველოს დატოვებს.