რაც შეიძლება, მეტი დავით კაჭარავა ჩვენს ქვეყანას - კალაძე

17.03.23 14:53
რაც შეიძლება, მეტი დავით კაჭარავა ჩვენს ქვეყანას - კალაძე

რაც შეიძლება, მეტი დავით კაჭარავა ჩვენს ქვეყანას - ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის, დავით კაჭარავას მიერ თანამდებობის დატოვების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ეხებოდა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დავით კაჭარავა ღირსეული ადამიანი და სპორტსმენია.

„დავით კაჭარავა იყო წარმატებული სპორტსმენი, არის ღირსეული ადამიანი და ვუსურვებდი ჩვენს ქვეყანას, რაც შეიძლება მეტი დავით კაჭარავა, მეტი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავდეს, მეტი ლაშა ტალახაძე, რომელსაც თქვენ ძალიან ხშირად ლანძღავდით, უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდით, მეტი შოთა არველაძე, მეტი ლევან კობიაშვილი სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

"დატოვოს დავით კაჭარავამ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტი" - ამ სახელწოდებით პლატფორმაზე manifest.ge პეტიცია გამოქვეყნდა. 

როგორც რაგბის გულშემატკივრები წერენ, თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნისთვის უმინიშვნელოვანეს ინსტიტუციას, რაგბის კავშირის გამგეობას ხელმძღვანელობს, არ უნდა იყოს შემჩნეული ანტისახელმწიფოებრივ და მოღალატეობრივ პოზიციაში.