"ოცნებამ“ ნიღაბი ჩამოიხსნა და ღიად მიდის რუსული პოლიტიკის პროპაგანდა - მამუკა ხაზარაძე

18.03.23 10:55
"ოცნებამ“ ნიღაბი ჩამოიხსნა და ღიად მიდის რუსული პოლიტიკის პროპაგანდა - მამუკა ხაზარაძე

რუსული პოლიტიკის პროპაგანდა საქართველოში და მთავრობა, რომელიც ქვეყანას კრემლის მარწუხებში აქცევს. ეს იყო მთავარი სათქმელი მამუკა ხაზარაძისთვის, რომელმაც ინტერვიუ უკრიანულ ტელეარხს მისცა. პარტია "ლელოს" დამფუძნებელი და თავმჯდომარე ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ნიღაბი სრულად ჩამოიხსნა და ფაქტობრივად დაადეკლარირა, რომ მისი მიზანი ევროპა კი არა, არამედ რუსეთია.

უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილის პოლიტიკურ მემკვიდრეეებს ხაზარაძეე მოიხსნებს როგორც ევროპული განათლების მქონე პრორუს პროპაგანდისტებს, რომელთაც პუტინის იდეოლოგია ასაზრდოებთ. 

„არის ერთი ადამიანი, რომელმაც მიისაკუთრა მთელი ხელისუფლება, პარლამენტი მთავრობა, ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და მიისაკუთრა მთელი ქვეყანა, ბიძინა ივანიშვილს ხელში უჭირავს ძალაუფლება და ტოტალურად აკონტროლებს მას, ეს არის მთავარი პრობლემა. ის ვერ ხედავს თავის თავს ევროპაში. როგორ უნდა მოსწონდეს მას ჩვენი ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვა, როცა ევროპარლამენტმა სულ ცოტა ხნის წინ მიიღო ძალიან მძიმე, მისი სანქცირების რეზოლუცია. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერავინ მოიგებს, ვინც თავისი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება, ხალხის ნება კი უკრაინის გვერდში დგომაა, ქართველი ხალხის ნება ევროპაა. დღეს უკრაინა იბრძვის არა მარტო თავისი თავისუფლებისთვის, არამედ საქართველოს თავისუფლებისთვისაც.

დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩამოიხსნა ნიღაბი და ღიად მიდის პირდაპირი პროპაგანდა რუსული პოლიტიკის. ძალიან სამწუხაროა და საშიში, რომ დასავლეთში განათლებამიღებული ახალგაზრდა ადამიანები, მთავრობაში და პარლამენტში რუსეთის პროპაგანდისტებად არიან გადაქცეულები და პუტინის იდეოლოგიას პროპაგანდირებენ. ჩვენ დავაინიცირეთ ლუსტრაციის კანონი, მაგრამ ახლა ეს კანონიც აღარ არის საჭირო, ყველაფერი ისედაც ნათელია. ერთადერთი გამოსავალია დემოკრატიული ძალების გაერთიანება და არჩევნებისთვის მომზადებაა. ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ დემოკრატიული ძალები, ადამიანები, რომელთაც უნდათ ნამდვილი დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს აშენება. მე ვსაუბრობდი ქართული საზოგადოების გაერთიანებაზე კრიტიკულ მომენტში და ახლა ეს კრიტიკული მომენტი დადგა, საჭიროა ქართული საზოგადოების გაერთიანება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, რომლის კომენტარსაც პარტია „ლელო“ ავრცელებს.