ეს სწორი მიდგომაა - სარჯველაძე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

18.03.23 15:39
ეს სწორი მიდგომაა - სარჯველაძე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

აუცილებელია არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი გზებით სწორი კვალიფიკაციის მიცემა  - ასე ეხმაურება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას მმართველი გუნდის წევრი მიხეილ სარჯველაძე.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს სწორი მიდგომაა და ვფიქრობს, რომ ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება.

"მნიშვნელოვანია, რომ დაიწყო სამართლებრივი რეაგირება უბრალოდ იმ მოვლენებზე, რაც მიმდინარეობს ახლა უკრაინაში და ვფიქრობ, სწორია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის იმ ფორმატებით, რომელიც შექმნილია თანამედროვე კაცობრიობის მიერ სამართლებრივი ინსტრუმენტების სახით, პასუხს სცემს იმ მოვლენებს, რაც ვითარდება უკრაინაში. ეს სწორი მიდგომაა და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება აუცილებლად. აუცილებელია, ამ თვალსაზრისით, მათ შორის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი გზებით სწორი კვალიფიკაციის მიცემა ყველაფერ იმისთვის, რაც ხდება უკრაინაში," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა.