ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება პუტინზე მეტად იმ ხალხისკენაა მიმართული, ვინც მასთან დამეგობრებას აპირებს - ხვიჩია

18.03.23 15:51
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება პუტინზე მეტად იმ ხალხისკენაა მიმართული, ვინც მასთან დამეგობრებას აპირებს - ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება უფრო მეტად მისი მეგობრებისკენ და იმ ხალხისკენ არის მიმართული, ვინც პუტინთან დამეგობრებას აპირებს.

ხვიჩია ამბობს, რომ ჰააგის სასამართლომ გასაგებად თქვა, რომ მთელი სამყარო იქნება უფლებამოსილი პუტინის მეგობრებს მოეპყროს როგორც თანამზრახველებს და არა როგორც პოლიტიკოსებს. 

ამასთან, მისი შეფასებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო და საყურადღებო იქნება საქართველოს მმართველი ძალის შეფასება.

„ჰააგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პუტინზე მეტად მიმართულია პუტინის მეგობრებისკენ და იმ ხალხისკენ, ვინც პუტინთან დამეგობრებას აპირებს, იმიტომ რომ თუ ვინმეს აქამდე არ ესმოდა, ჰააგის სასამართლომ უთხრა გასაგებად, რომ მათ კრიმინალთან ექნებათ ურთიერთობა და მთელი სამყარო იქნება უფლებამოსილი პუტინის მეგობრებს მოეპყროს როგორც თანამზრახველებს და არა როგორც პოლიტიკოსებს. ჩემი აზრით, ამიტომ არის უფრო მნიშვნელოვანი ეს ნაწილი და თავისთავად ცხადია, რომ მძლავრი პოლიტიკური მესიჯია, მათ შორის, რუსეთის მოსახლეობისთვის თუ, რა საკვირველია, ამ საზოგადოებას ჯერ კიდევ აქვს რაიმე ცვლილების ძალა.

ძალიან საინტერესო იქნება „ქართულ ოცნებას“ შეფასება ჰქონდეს, ამ სკანდალური რუსული კანონის პერიპეტიების შემდეგ, ნებისმიერი მათი პოზიცია იქნება საინტერესო და საყურადღებო მთელი მოსახლეობისთვის, ამიტომ ეტყობა მოფიქრების პროცესში არიან“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.