"დრაკონული კანონი ჩვენს თავზე გამოვცადეთ" - "ლელო" რუსი რეპრესირებულების წერილს ასაჯაროვებს

20.03.23 11:42
"დრაკონული კანონი ჩვენს თავზე გამოვცადეთ" - "ლელო" რუსი რეპრესირებულების წერილს ასაჯაროვებს

ანა ნაცვლიშვილმა  რუსი ცნობადი სახეების წერილი გაასაჯაროვა, რომლებიც ქართულ საზოგადოებას რუსული კანონის დამანგრეველ შედეგებზე აფრთხილებენ. წერილს ხელს 80 ადამიანი აწერს, მათ შორის, უფლებამდაცველები, აქტივისტები, ჟურნალისტები, პოლიტკოსები და მეცნიერები არიან, რომელთაც აღნიშნული რეპრსიული კანონი საკუთარ თავზე იწვნიეს. 

"ლელოს" წევრი ამბობს, რომ წერილი კიდევ ერთხელ ცხადყოფს,  იმ გამარჯვების მნიშვნელობას, რომელსაც ქართულმა საზოგადოებამ ერთიანი ძალისხმევით მიაღწია. 

80-ზე მეტი ადამიანი, რომლებმაც პირადად გამოსცადეს რუსეთში ამ დრაკონული კანონის შედეგები, რომელთა დიდი ნაწილი დღეს რუსეთში ვეღარ ცხოვრობს, იმიტომ, რომ სწორედ ამ დრაკონული კანონის მეშვეობით პუტინის რეჟიმმა ისინი საკუთარი სამშობლოდან გააძევა. ვინც ვერ მოკლა და ვერ მოწამლა, ისინი ამ კანონით გააძევა და დეტალურად ყვებიან, რომ ეს კანონი, როცა რუსეთში მოხდა მისი ინიცირება, ზუსტად იგივე იყო არგუმენტი, რომ თითქოს ეს იყო ამერიკული კანონი და აქ ნათლად წერია, რომ ამერიკულთან რუსულ კანონს მხოლოდ სახელი ჰქონდა საერთო. წერია, რომ ის კანონი, რომელიც საქართველოში იხილებოდა, რუსული ანალოგია, რომელიც მათ კარგად იციან, რა დამანგრეველი შედეგების მქონე იყო რუსეთში დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის, მოქალაქეებისთვის, რომლებსაც უნდოდათ თავისი ქვეყანა გაეყვანათ დემოკრატიული განვითარების გზაზე. ეს წერილი ადასტურებს, თუ რა მნიშვნელობის იყო ის გამარჯვება, რომელიც ქართველმა ხალხმა ერთიანი ძალისხმევით მოიპოვა და რამდენად მზაკვრული და მავნებლური იყო "ქართული ოცნების" განზრახვა, რომ რუსული კანონი მიღებული ყოფილიყო საქართველოში, - თქვა ნაცვლიშვილმა.