განათლების ახალი მინისტრი სისტემურ ცვლილებებს აანონსებს
განათლების ახალი მინისტრი სისტემურ ცვლილებებს აანონსებს. გიორგი ამილახვარის თქმით, პროფესიული განათლება პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდება.
"დამატებით სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ მექანიზმებს შევთავაზებთ ყველა იმ მოტივირებულ, წარჩინებულ და წარმატებულ სტუდენტს, ვისაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს. ასევე, აქტიურად დავუჭერთ მხარს უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში ერთობლივი, ორმაგი პროგრამების განხორციელებასა და დანერგვას ევროპულ უნივერსიტეტებთან ერთად. ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ დღეს განათლებას საზღვრები არ აქვს და მნიშვნელოვანია, საქართველოში ევროპული და დასავლური განათლების შემოსაშვებად, ჩვენ უფრო აქტიურად და ფართოდ გავაღოთ კარი"- თქვა მან.
გიორგი ამილახვარის განცხადებით, აქტიურად იმუშავებენ, რომ საქართველო რეგიონში განათლების მიზიდულობის კერად ჩამოყალიბდეს:
ჩემი მინისტრობის პერიოდში, პროფესიული განათლება პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდება და უახლოეს პერიოდში იმ კონკრეტულ ხედვას შემოგთავაზებთ, თუ როგორ ვაპირებთ ამ დარგის გარდაქმნას და რა კონკრეტულ და იოლი ფორმების მექანიზმებს შევთავაზებთ დამსაქმებლებს პროფესიულ განათლებაში ჩართულობისთვის. გასულ წლებში მიღწეულმა შედეგებმა უკვე მოგვცა შესაძლებლობა, რომ ჩვენ აქტიურად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საქართველო რეგიონში განათლების მიზიდულობის კერად ჩამოვაყალიბოთ. ჩვენს ქვეყანაში მეტი უცხოელი სტუდენტი და პროფესორი მოვიზიდოთ, რაც პირდაპირ უდრის ჩვენი განათლების ხარისხის ზრდას და ამ სფეროში პირდაპირ ინვესტიციას. უახლოეს მომავალში საზოგადოებას გავაცნობთ იმ კონკრეტულ, დროში გაწერილ გეგმას, რომელიც ამ და სხვა საკითხებს შეეხება". - განაცხადა ამილახვარმა.