"ნუ ყაყანებ, ნამუსი, მორალი არ გაქვს“ - მორიგი დაპირისპირება პარლამენტში
დაპირისპირება პარლამენტში - სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ უკმაყოფილება გამოთქვა „ტვ პირველის“ მიერ მისი სიძის შესახებ გაკეთებულ სიუჟეტზე და აღნიშნა, რომ მისი დის ოჯახს "მიუვარდნენ, ხოლო სიძეს, ალექსანდრე ამისულაშვილს სულ ზარქუას სიძე ეძახეს“.
ირაკლი ზარქუას ამ განცხადებას გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე.
„ახლა გაახსენდათ, მშობლები და შვილები. ჩვენც გვყავს მშობლები და შვილები.... რას აპირებდით ამ კანონის (ე.წ. აგენტების შესახებ კანონის) შემოტანით?“- მიმართა ზარქუას დეკანოიძემ.
ამ პროცესში ხატია დეკანოიძეს რეპლიკის სახით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.
„20 წელია არ დაასვენეთ ეს ქვეყანა...“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის შემდეგ ხატია დეკანოიძეს „ხალხის ძალის“ წევრმაც მიმართა და სხდომათა დარბაზიდან გასვლისკენ მიუთითა.
„ნამუსი, მორალი არ გაქვს?! ნუ ყაყანებ აქ, გადი აქედან“, - მიმართა ირაკლი-დაჩი ბერაიამ ხატია დეკანოიძეს.
თავის მხრივ, ხატია დეკანოიძემ უპასუხა, რომ მას „საერთოდ ხმა არ აქვს ამოსაღები“.
„როგორ მელაპარაკები? შენ ვის მორალზე ლაპარაკობ, საერთოდ?!“- უპასუხა ხატია დეკანოიძემ.