ან შედი, ან გადი, პარლამენტი ხაჭაპური არ არის, ყველი რომ გიყვარდეს და ქერქი არა - გოცირიძე ბოიკოტზე

22.03.23 11:26
ან შედი, ან გადი, პარლამენტი ხაჭაპური არ არის, ყველი რომ გიყვარდეს და ქერქი არა - გოცირიძე ბოიკოტზე

"პარლამენტი ხაჭაპური არ არის, ყველი რომ გიყვარდეს და ქერქი არა"- ამის შესახებ რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტზე საუბრისას დეპუტატები აღნიშნავს, რომ "თუ ხარ პარლამენტში, უნდა იყო ყველგან, უნდა იმუშაო ყველა საკითხზე და არა შერჩევით". 

„ბოიკოტისტობა“ რას ნიშნავს კი ვიცით. ღმერთმა მიუტევოთ მათი შეცდომები.

არიან „ნახევრადბოიკოტისტებიც“ - „პარლამენტში ყოფნა არ გვინდა, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს, 12 რეკომენდაციაზე ხომ უნდა ვიმუშაოთ?“ დაახლოებით ასე ჟღერს მათი პოზიცია.

სინამდვილეში ეს თვალთმაქცობაა და ორი კურდღლის დაჭერის მცდელობა -მოინადირონ ბოიკოტის მოყვარული საზოგადოების გულები და ამავე დროს, დარჩნენ პარლამენტში რაღაც საბაბით.

თუ ხარ პარლამენტში, უნდა იყო ყველგან, უნდა იმუშაო ყველა საკითხზე და არა შერჩევით. პარლამენტი ხაჭაპური არ არის, ყველი რომ გიყვარდეს და ქერქი არა.

ხვალ არის ფინანსთა მინისტრის მოსმენა, ზეგ საგარეო საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის. ამ განხილვებს არ უნდა დაესწროს ოპოზიცია, რადგან 12 პუნქტს არ ეხება? ან შემოდი ან გადი, ეს ზღურბლზე დგომა რა ხილია ვერ გავიგე. გამჭოლმა ქარმა გაციება იცის“, - წერს რომან გოცირიძე.