"უკრაინის გარდაუვალი გამარჯვება მთლიანად შეცვლის სიტუაციას საქართველოში" - სააკაშვილის ინტერვიუ "ფრანს-პრესთან"
"ფრანს-პრესმა" მიხეილ საკაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.
სტატიაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრობს და ამბობს, რომ რუსეთის მიერ დაწყებულ ომში უკრაინის გამარჯვება გარდაუვალია და ეს სამუდამოდ შეცვლის რეგიონს, სადაც დიდი ხანია დომინირებს მოსკოვი.
"უკრაინის გარდაუვალი გამარჯვება მთლიანად შეცვლის სიტუაციას საქართველოსა და რეგიონში. უკრაინა, სამუდამოდ, გახდა რეგიონის ზესახელმწიფო. პოლონეთთან ერთად ის განსაზღვრავს ყველაფერს რეგიონში, მათ შორის, თუ რა ხდება საქართველოში", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი, მისი ადვოკატის მეშვეობით AFP-თვის საავადმყოფოდან გაგზავნილ წერილში.
სტატიაში სააკაშვილი ამბობს, რომ "საქართველოში სიტუაცია ძირეულად შეიცვლება უკრაინის საბოლოო გამარჯვებამდეც კი.
საქართველოში ყველაფერი კრისტალურად ნათელია: ხალხი ერთიანია. ჩვენ ვართ ევროპელი ერი რუსული მთავრობით. ვერც ერთი ავტოკრატი ვერასოდეს დაიმორჩილებს თაობას, რომელიც თავისუფალ საქართველოში გაიზარდა“, - თქვა მან და მხედველობაში ჰყავს საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში მოიპოვა.
სტატიაში წერია, რომ ივანიშვილი აღიქმება, როგორც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებელი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ მას არ უკავია ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა.
მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი საქართველოს მთავრობა "უარს ეუბნება საზღვარგარეთ სამკურნალოდ გასვლაზე, მოსკოვის ბრძანებით",- ვკითხულობთ სტატიაში.