"ბოლშევიკურ ტროიკას" კარგი პერფომანსი მოუწყეს - მდინარაძე ნიღბიან ახალგაზრდებს მადლობას უხდის
"ოცნება" პრაქტიკულად ადასტურებს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ოპოზიციონერ ლიდერებს ნიღბებით დახვდნენ, მათი ახალგაზრდულის წევრები არიან.
მეტიც, მამუკა მდინარაძე მადლობას უხდის აქციის მონაწილეებს და ამბობს რომ ძალიან კარგი და პოზიტიური პერფომანსი მოუწყო ახალგაზრდებმა "ბოლშევიკურ ტროიკას".
"თუ ჩვენი ახალგაზრდულის წარმომადგენლები იყვნენ, ან თუ არ იყვნენ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. საკმაოდ კარგი პერფომანსი იყო, რაც მე გავიგე. ერთს ეჭირა მხოლოდ რუსებზე ვაქირავებო - ვაშაძის ნიღბით. მეორეს რუბლებზე ჰქონდა აქცენტი - ხოშტარიას ნიღბით და მესამე კიდე რაღაც ეწერა - ზურა გირჩი ჯაფარიძის ნიღბით. მხოლოდ პოზიტიური პერფომანსია და ძალიან კარგია, რომ მივახვედროთ, თუ ჩვენი ახალგაზრდულიდან არიან, ახლავე ავიღებ დიდი სიამოვნებით ჩემს თავზე. დიდი მადლობა ამ ლუსტრაციისათვის, რაც მათ მოუწყეს იმ ბოლშევიკურ ტროიკას",- ამბობს მდინარაძე.
ცნობისთვის, სამი ოპოზიციური პარტიის - „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ და „დროას“ ლიდერებს შეხვედრის დაწყებისას ახალგაზრდების ჯგუფი სახეზე გიორგი ვაშაძის, ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძის გამოსახულებიანი ნიღბებით დახვდნენ და შენობაში შეურაცმყოფელი სიტყვებით შეაცილეს.