ვინ და რატომ გაიმეტა 65 წლის კაცი მოსაკლავად - რას ამბობს პროკურორი
ვინ და რატომ გაიმეტა 65 წლის კაცი მოსაკლავად ამ დრომდე გაურკვეველია - რამაზ ბასილაძე განსაკუთრებული სისასტიკითაა მოკლული, მას ათობით ჭრილობა სავარაუდოდ დანით მიაყენეს. კვალის დაფარვის მიზნით კი ცხედარს ცეცხლი წაუკიდეს და ლიფტის შახტაში ჩააგდეს. 9 საათზე მეტია კორპუსი, სადაც პენსიონერი მოკლეს, საგამოძიებო მოქმედებების ეპიცენტრია. პოლიცია დამნაშავის კვალს და მტკიცებულებებს მთელს პერიმეტრზე ეძებს.
რამდენიმე წუთის წინ, საქმეზე ჟურნალისტებთან პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ პირველი კომენტარი გააკეთა.
პროკურორი ადასტურებს, რომ გამოძიება იარაღსაც ეძებს.
ამჟამად შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობს და ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება. გვამთან დაკავშირებით ექსპერტიზა ჩატარდება და დადგინდება გარდაცვალების მიზეზი. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჯერჯერობით არ დასრულებულა”, - განაცხადა ლევან ჟორჟოლაძემ.
"პირველების" კითხვაზე, არის თუ არა ეს სისასტიკით ჩადენილ დანაშაული, პროკურორი ამბობს, რომ ყველა კითხვას ექსპერტიზა გასცემს პასუხს.
„დაზიანებების რაოდენობა და გარდაცვალების მიზეზი დადგინდება და ამის შემდეგ იქნება პასუხი. იარაღსაც ეძებს გამოძიება და ყველაფერს გააკეთებს რომ იპოვოს”, - განაცხადა ლევან ჟორჟოლაძემ.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს.