ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს, - ასე განმარტავს ანა-ლენა ბერბოკი საქართველოში ვიზიტის მიზეზს. განცხადებას გერმანიის საგარეო უწყება ავრცელებს.
მინისტრი იტყობინება, რომ საქართველოს მთავრობასთან EU-ს 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ისაუბრებს.
მინდა იქ განვმარტო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს. ჩვენ ვხედავთ ზეწოლას, რომელსაც ქვეყანა აწყდება შიგნიდან და გარედან. საქართველოს მთავრობასთან შეხვედრისას ვისაუბრებ იმ ნაბიჯებზე, რომლების ქვეყანამ ჯერ კიდევ უნდა გადადგას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მისაღებად. ამ შემთხვევაში საქმე ეხება არა მხოლოდ დემოკრატიული სტანდარტების დაცვას, არამედ განსაკუთრებით თავისუფალ მედიაგარემოს, დინამიკური სამოქალაქო საზოგადოების შენარჩუნებას და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საჯარო დებატებს იმ შემთხვევაში კი, როცა პოზიციები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენ - ევროკავშირის აღნიშნული ღირებულებები გვაერთიანებს და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ გზის შემოკლება დაუშვებელია, - წერს ბერბოკი.