ვიზიარებ ლომჯარიას პოზიციას, სააკაშვილის ციხეში დაბრუნება შეიძლება, საშიში იყოს მისი ჯანმრთელობისთვის - იოსელიანი

23.03.23 16:57
ვიზიარებ ლომჯარიას პოზიციას, სააკაშვილის ციხეში დაბრუნება შეიძლება, საშიში იყოს მისი ჯანმრთელობისთვის - იოსელიანი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი "ვივა მედის" განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ სრულიადნ იზიარებს ნინო ლომჯარიას პოზიციას, რომ სააკაშვილის ციხეში დაბრუნება შეიძლება, საშიში იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის.

იოსელიანი ამბობს, რომ არ სურს, სააკაშვილის წინააღმდეგ რაიმე ტიპის ისეთი ქმედება განხორციელდეს რაც შეიძლება მის მდგომარეობას დაამძიმებს.

მე არ ვიცი "ვივა მედის" განცხადება გულისხმობს თუ არა სააკაშვილის მაინცდამაინც ციხეში დაბრუნებას, შეიძლება აქ დაწესებულებაზეა საუბარი და სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე. სახალხო დამცველს (ნინო ლომჯარიას) აქვს გამოქვეყნებული პოზიცია, რომ მისი ციხეში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის. მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რა პოზიციაც სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჰქონდა დაფიქსირებული. მე არ მინდა, რომ რაიმე ტიპის ისეთი ქმედება განხორციელდეს მის მიმართ, რამაც შეიძლება მისი მდგომარეობა დაამძიმოს", - ამბობს იოსელიანი. 

შეგახსენებთ, რომ "ვივა მედმა"  მიხეილ სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა.

ახლა მთავარი კითხვაა, დააბრუნებენ თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში.

კლინიკამ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც წერს, რომ სააკაშვილი მკურნალობაზე უარს ამბობს და მედ პერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს.