"ეს საკითხი არ არის ერთი ხელმოსმით გადასაწყვეტი" - ბრეგაძე სააკაშვილის ციხეში შესაძლო დაბრუნებაზე

24.03.23 11:09
"ეს საკითხი არ არის ერთი ხელმოსმით გადასაწყვეტი" - ბრეგაძე სააკაშვილის ციხეში შესაძლო დაბრუნებაზე

რატი ბრეგაძე გადაჭრით არ ამბობს, აპირებს თუ არა იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის ციხეში ეტაპირებას. მინისტრმა, სამთავრობო მედიის ეთერში "ვივა მედი" დაიცვა. ბრეგაძე ფიქრობს, რომ სააკაშვილი საკუთარ მდგომარეობას ხელოვნურად იზიანებს და ექიმებს არ ემორჩილება.

იუსტიციის მინისტრმა დაანონსა, რომ "ვივა მედის" განცხადების შემდეგ, უწყება დაელოდება ექსპერტიზის დასკვნის პასუხებს, რომელმაც უნდა შეაფასოს როგირია ახლა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

"ექიმებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ის მკურნალობას არ ემორჩილებოდა და „ვივამედის“ ეს განცხადებაც იყო კიდევ ერთი განმეორება მთელი ამ ისტორიისა, რომ სააკაშვილი მკურნალობას არ ემორჩილება, მას მხოლოდ სიმპტომურად მკურნალობენ და ამ მკურნალობის ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში. ჩვენ გვთხოვეს, რომ მიზანშეწონილობის საკითხი განვიხილოთ. რა თქმა უნდა ეს საკითხი არ არის ერთი ხელმოსმით გადასაწყვეტი, ჩვენ გამოვიყენებთ რჩევებს და ამ საკითხს კომპლექსურად განვიხილავთ.

მთელი ეს მცდელობები, რომელსაც სააკაშვილი და მისი გარემოცვა აწარმოებს, არის მართული გეგმა იმისთვის, რომ ხელოვნურად დამძიმდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუმცა, იმავდროულად, რომ შენარჩუნებული იყოს ძირითადი სასიცოცხლო პარამეტრები, არის „კარგად დაგეგმილი“ და მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც სააკაშვილის საზღვარზე შემოპარვიდან დღევანდელ დღემდე მიზნად ისახავს სახელმწიფოს დისკრედიტაციას და იმის ჩვენებას, თითქოს და მას ვინმე აწამებს. თუმცა ამის შესახებ დღემდე ვერავითარი მტკიცებულება ვერ მოიტანეს" - თქვა ბრეგაძემ. 

შეგახსენებთ, რომ "ვივა მედმა"  მიხეილ სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა.

ახლა მთავარი კითხვაა, დააბრუნებენ თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში.

კლინიკამ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც წერს, რომ სააკაშვილი მკურნალობაზე უარს ამბობს და მედ პერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს.