"მათი შეუთავსებლობის საკითხი დადგა" - ქადაგიშვილი ჩამოქვეითებულ დეპუტატებზე
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი ხელაშვილის, ნინო იობაშვილის და ვლადიმერ ჩაჩიბაიას მიერ მანდატების დატოვებას და მრჩევლებად მათ დანიშვნას ეხმაურება და ამბობს, რომ არის ხოლმე მომენტები, როცა შეიძლება აღარ არის კომფორტული იმ ვითარებაში მუშაობის გაგრძელება, სადაც მუშაობდნენ.
ქადაგიშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ დეპუტატების შეუთავსებლობის საკითხი დადგა.
„ამ დეპუტატების შეუთავსებლობის საკითხი დადგა, რადგან ისინი მრჩევლებად იქნენ დანიშნული. გამომდინარე აქედან, კონსტიტუციის და რეგლამენტის მიხედვით დგება შეუთავსებლობის საკითხი. გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით გუნდის შიგნით არის მიღებული.
არის ხოლმე მომენტები, როცა გარკვეული ვითარებიდან გამომდინარე არ ხდება ხოლმე შესაძლებელი ან მათთვის კომფორტული იმ ვითარებაში მუშაობის გაგრძელება, სადაც მუშაობდნენ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ჩამოქვეითებულ დეპუტატებს მანდატი პირველივე სხდომაზე შეუწყდებათ. საპროცედურო კომიტეტმა ხუთი დეპუტატის საკითხი უკვე განიხილა.
ჩაჩიბაია და იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა გუნდში დაინიშნენ, ხოლო გიორგი ხელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იქნება.