საქართველოს მოსახლეობა EU-ს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს - ზურაბიშვილი ბერბოკს

24.03.23 16:52
საქართველოს მოსახლეობა EU-ს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს - ზურაბიშვილი ბერბოკს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ზურაბიშვილმა ბერბოკთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

უწყების ცნობით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კადიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს და ასეთ რთულ ვითარებაში თავს ევროპისგან მიტოვებულად ჩათვლის. 

"აშშ-ში ჩემი ბოლო ვიზიტისას სატელეფონო საუბარი მქონდა გერმანიის პრეზიდენტთან, რომელმაც დამიდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და თქვენი აქ ყოფნაც ამის  ნათელი დადასტურებაა",- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს.

თავის მხრივ, ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, აქ იმყოფება იმისათვის, რომ საქართველოსა და მისი მოსახლეობის ევროკავშირში ხილვა სურს. ,,ამიტომ ვარ აქ და ეს არის ის, რასაც ჩემი მთავრობა უჭერს მხარს. საქართველოს სჭირდება რეფორმების გაგრძელება იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, - განაცხადა ბერბოკმა.