გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველო დატოვა - ბერბოკი დარჩიაშვილმა აეროპორტში პირადად გააცილა

25.03.23 12:13
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველო დატოვა - ბერბოკი დარჩიაშვილმა აეროპორტში პირადად გააცილა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველო დატოვა. ანალენა ბერბოკი ირაკლი დარჩიაშვილმა აეროპორტში პირადად გააცილა. ცნობილია, რომ ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბერბოკმა ბოლო შეხვედრა საქართველოს პრემიერ მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან გამართა. ამ შეხვედრის დეტალები უცნობია, ვინაიდან დახურული იყო, თუმცა გზავნილები, რომლითაც შოლცის კაბინეტის გავლენიანი მინისტრი ქვეყანაში ჩამოვიდა, საკმაოდ მწვავე იყო.

აქედან გამომდინარე, არსებობს ვარაუდი, რომ პრემიერ-მინისტრთან ერთი-ერთზე შეხვედრის დროს ბერბოკი გაცილებით კრიტიკული იყო. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, მესამე სექტორის გაძლიერება და მედიის თავისუფლება, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება.

„შედგა ძალიან წარმატებული ვიზიტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო მინისტრისა საქართველოში. ეს იყო, მეგობარი ქვეყნის მხარდამჭერი ქვეყნის ვიზიტი, სადაც მკაფიოდ გაცხადდა, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან მტკიცე მხარდამჭერი იმ გზაზე, რომელსაც ქვეყანა ადგას ევროინტეგრაციის გზაზე და განსაკუთრებულად მკაფიო გზავნილები გაცხადდა ასევე ყველა შეხვედრაზე, იქნებოდა ეს მინისტრის დონეზე, თუ მთავრობის მეთაურის, თუ პრეზიდენტის დონეზე, რომ ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა გარდა ევროპისა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ განასაკუთრებულად კი 12 რეკომენდაციის განხორციელების თვალსაზრისით იმისთვის, რომ სტრატეგიულ მიზანს მივაღწიოთ.“ - განაცხადა გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ.