ენმ-ს აქცია სამეგრელოში - პარტიის ლიდერები ზუგდიდში მოსახლეობას ხვდებიან
"ნაციონალურმა მოძრაობამ" სამეეგრელოს 4 დღიანი ტურნე, შემაჯამებელი აქციით დაასრულა. ამ წუთებში, პარტიის ლიდერები ზუგდიდის ცენტრში იმყოფებიან. ლევან ხაბეიშვილი და მისი თანამოაზრეები 9 აპრილის კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან.
მათი მთავარი გზავნილი არის, რომ რუსული ხელისუფლება უნდა დასრულდეს.
გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ ქვეყანა, რომელსაც ექნება ევროპული მომავალი და ხელისუფლება თავისი მავნებლური ქმედებებით ამ პროცესს ვერ შეაჩერებს.
„ამ დღეების განმავლობაში შეხვედრები გვქონდა ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში. გვქონდა მოსახლეობასთან შეხვედრები და იქ ჩანს ყველაფერი. რა უნდა ამ ქვეყანაში ხალხს, რა უნდა საქართველოს მოქალაქეებს. საქართველოს მოქალაქეებს, სჭირდებათ თავისუფლება, საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ ქვეყანა, რომელსაც ექნება ევროპული მომავალი და რომელიც იქნება ევროპული ოჯახის წევრი. ჩვენი ქვეყანა, იმსახურებს ევროპულ მომავალს და მიუხედავად ხელისუფლების მავნებლური საქციელისა. "რუსული ოცნება" იმ მავნებლობით, რასაც სჩადის ამ პერიოდის განმავლობაში, ვერ შეაჩერებს ამ პროცესს.“