“POST TV”-ის ჟურნალისტი მატყუებდა, შენი მეგობარი ვარ, შემომიშვიო, მერე ცრუ დასმენა განახორციელა - ჩიქოვანის პირველი კომენტარი
დიმიტრი ჩიქოვანის პირველი განმარტება დაძაბული ღამის შემდეგ. "ნაცმოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი აბსურდულს უწოდებს ბრალდებას, რომლის მიხედვითაც ის ქალზე ძალადობდა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ წუხანდელი სპეცოპერაცია მის წინააღმდეგ პოლიტიკური შურისძიება და წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.
„იმის მერე, რაც ნათია ბერიძემ “POST TV” - ის ჟურნალისტმა ვერ მოახერხა მრავალი მცდელობის შემდეგ სახლში შემოღწეულიყო, აი გაუგებარია, აბსოლიტურად გაუგებარია რატომ უნდოდა შემოსვლა, არაფერი კითხვები არ ჰქონდა. მეზობლებს ატყუებდა, რომ რაღაცა ქმარი არის ჩემი შიგნით და მე მეუბნებოდა, რომ მეგობარი ვარ კარები გამიღე. წარმოდგენა არა მაქვს, როგორ გაიგო, ვისთან ერთად ვიყავი, სახლში ვიყავი თუ არა. მერე მოხდა მისი მხრიდან ცრუ დასმენა, დარეკა სამართალდამცავ ორგანოებში, ცილი დამწამა იმაში საკმაოდ მძიმე მუხლით, გატაცების მუხლით. მას შემდეგ, დაიწყო რაღაცა ის პროვოკაციული ქმედებები სამართალდამცავების მხრიდანაც. არ ვიცი რას ეძებდნენ. ფაქტია, საღამო დასრულდა ისე, რომ არანაირი დანაშაულის კვალი მათ ვერ აღმოაჩინეს. მრავალჯერ ძალადობაში მხილებული შალვა რამიშვილის, რომელიც არის ქართული ოცნების პროპაგანდისტი, მის დაქვემდებარებაში არის და ეს ფაქტია, სახელმწიფო ინსტიტუტები და მისი პირადი მიზნებისთვის თუ რავიცი ნებისმიერი საკითხისთვის ის მას იყენებს.“- ამბობს ჩიქოვანი.
ხმაური იყო ღამით წერეთელის ქუჩაზე, სადაც "ნაციონლაური მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის ბინა პოლიციამ ალყაში მოაქცია. მიზეზი ანონიმური შეტყობინება გახდა. პოლიციას აცნობეს, რომ თითქოს, ბინაში ქალზე ძალადობდნენ. ამის შემდეგ დიმიტრი ჩიქოვანის სახლთან სამართალდამცველები მივიდნენ და რამდენიმესაათიანი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, თუმცა სამართალდამცველებმა ვერაფერი კანონსაწინააღმდეგო ვერ ნახეს.