ექსკლუზივი: სისხლიანი გარჩევით დასრულებული ღამის გართობა - რატომ სცემეს ციხეების შეფი?

25.03.23 21:33
ექსკლუზივი: სისხლიანი გარჩევით დასრულებული ღამის გართობა -  რატომ სცემეს ციხეების შეფი?

ციხეების შეფის კრიმინალური თავგადასავალი - "ნოდარ მელაძის შაბათის" ხელშია მტკიცებულებები, რომ 19 მარტს, დედაქალაქის ცენტრში მომხდარ სისხლიანი გარჩევაში 35 წლის ნიკა ცხვარაშვილი მონაწილეობდა. 

"ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა მოიპოვა კადრები დანაშაულის ადგილიდან, ცნობა სამედიცინო ისტორიიდან და ოქროს მოწმეების აღიარება, რომ იქ, სადაც ანგარიშსწორება მოხდა ციხეების შეფი ნამდვილად იყო. 

ოქროს მოწმე, რომელიც ციხეების შეფის სასტიკი ცემის თვითმხილველია, დეტალურად აღწერს, როგორ სცემდა გამეტებით ათამდე პირი ძირს დაგდებულ ერთ მამაკაცს. უმოწყალოდ ნაცემი მამაკაცი სიკვდილს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაარჩინა, რომელიც თვითმხილველებმა გამოიძახეს. "შაბათის ეთერის" ინფორმაცით, ჩხუბში ციხეების უფროსის გარდა, მისი ახლო გარემოცვაც მონაწილეობდა. 

მაღალჩინოსანი ტვინის შერყევითა და ეთანოლის ტოქსიკური ეფექტის დიაგნოზით "ამერიკულ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს. 

ირკვევა, რომ ციხეების შეფსა და მოქალაქეს შორის კონფლიქტი "ბარმაგლოტის" ტერიტორიაზე დაიწყო და საბოლოოდ, კი დაპირისპირებულმა მხარეებმა საქმის გასარჩევად, გარეთ გასვლა გადაწყვიტეს.  

"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებულ კადრებში, რომელიც ჩხუბიდან რამდენიმე წუთში, დანაშაულის ადგილზეა გადაღებული, ჩანს რომ სასწრაფო დახმარების მისვლიდან რამდენიმე  წუთში ტაბიძის ქუჩა პოლიციის ალყაში ექცევა. ადგილზე საპატრულო პოლციის 6 ეკიპაჟი მიდის.  სავარაუდოდ, პოლიციას ადგილზე ციხეების შეფი  ნიკა ცხვარაშვილი ხვდება, ამიტომ იკეტება მთელი პერიმეტრი და ტერიტორიაზე არავის უშვებენ.

"შაბათის ეთერი" "ამერიკულ ჰოსპიტალშიც" იმყოფებოდა, კლინიკა ცხვარაშვილის გადაუდებელ განყოფილებაში მოთავსებას უარყოფს, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს "ტვ პირველის" მოპოვებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დასტურდება, რომ 19 მარტს, გამთენიისას ხუთის ნახევარზე, გადაუდებელი დახმარების ცენტრში, შეიყვანეს 35 წლის ნიკა ცხვარაშვილი, ის კლინიკაში 10 საათი დარჩა და იმავე დღეს 14:00 საათზე გაეწერა. 

ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, დუმს ტავად ციხეების შეფიც.

 მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალური რეპორტაჟი